უკრაინასთან ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი 3 ათასზე მეტი უცხოელია დაღუპული - BBC
რუსეთის მხარეს მებრძოლი, სულ ცოტა, 3 589 უცხოელი დაიღუპა უკრაინასთან ომში, BBC-ს მიერ შეგროვებული მონაცემებით, ესენი არიან 40-ზე მეტის ქვეყნის მოქალაქეები, ეკვადორიდან და აშშ-დან დაწყებული, ვიეტნამითა და შრი-ლანკით დამთავრებული.
დაღუპულთა სახელობითი სია, რომელსაც BBC-ს რუსული სამსახური გამოცემა Mediazona-სა და მოხალისეთა გუნდთან ერთად აღნუსხავს, ამჟამად 233 033 რუსი სამხედრო მოსამსახურის სახელს შეიცავს.
მათგან 1285 იყო უცხო ქვეყნის მცხოვრები, რომელთა დაღუპვის დადასტურება BBC-მ ღია წყაროებზე დაყრდნობით შეძლო. ესენია მთავრობის ანგარიშები, ნათესავების პოსტები სოციალურ ქსელებში ან საფლავებისა და სამხედრო მემორიალების ფოტოები.
რუსეთის მხარეს მებრძოლო 2 304 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა 2024 წლის აგვისტოში უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქში შეჭრის დროს. BBC-ს კორეულმა სამსახურმა მათი რაოდენობის დადგენა შეძლო ფხენიანის მემორიალის თანამგზავრული და ოფიციალური ფოტოების შესწავლის გზით.
ვარაუდობენ, რომ უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი დაღუპული უცხოელების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება. სიის შედგენისას “არ გამოგვიყენებია უკრაინის მონაცემები ან დასავლური დაზვერვის პუბლიკაციები”, - წერს BBC.
რუსეთის მხარეს მებრძოლი უცხოელების საერთო რაოდენობა, ცოცხლად გადარჩენილების რაოდენობის გათვალისწინებით, რამდენჯერმე მეტია.
ნატოში მიაჩნიათ, რომ რუსეთის სამხედრო ძალების შემადგენლობაში 44 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძვიან, დაახლოებით 24 ათასი უცხოელი. ამის შესახებ ნატოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა BBC-ს რუსულ სამსახურს ალიანსის ანკარის სამიტზე განუცხადა.
მისი განმარტებით, რუსეთის მხარეს მებრძოლ უცხოელთა უმეტესობაა აფრიკული სახელმწიფოების მოქალაქეები, რომელთა ნაწილმაც კონტრაქტი ნებაყოფლობით, ნაწილმა და იძულებით გააფორმა.