ქარხნები ბრიანსკში, ნავთობის საცავი ბელგოროდში - უკრაინამ რუსეთზე დარტყმის შესახებ განაცხადა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში დაარტყეს სამხედრო დანიშნულების ორ ქარხანას, ხოლო ბელგოროდში აეროდრომის ნავთობის ბაზას. ეს 7 ივლისს განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა. მისი ინფორმაციით, შეტევა ექვსიდან შვიდი ივლისის ღამით განხორციელდა.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად ქალაქ ბრიანსკში დაარტყეს მიკროელექტრონიკის ქარხანა „კრემნიი ელ“-ს, რომელიც კომპონენტებს აწარმოებს რუსული იარაღისთვის.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბრიანსკის ამ ქარხანაზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს 2026 წლის მარტშიც.
უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, 7 ივლისს დაარტყეს ბრიანსკის ოლქის ქალაქ სელცოში მდებარე ქიმიურ ქარხანას, რომელიც აწარმოებს დენთს და სხვა ასაფეთქებელ ნივთიერებებს და სარაკეტო საწვავის კომპონენტებს. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, ქარხნის რაიონში დაფიქსირებულია ოთხი აფეთქება.
გენშტაბის ცნობით, დაარტყეს აეროდრომ „ბელგოროდის“ ნავთობის ბაზასაც და ზიანის მასშტაბი დაზუსტების ეტაპზეა.
რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ეგორ კოვალჩუკმა 7 ივლისს დილით ტელეგრამ-არხზე მხოლოდ ის დაწერა, რომ რეგიონში 103 უკრაინული დრონი გაანადგურეს.
რაც შეეხება ბელგოროდს, ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ქალაქ ბელგოროდსა და ახლომდებარე რაიონებზე უკრაინის სარაკეტო შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა და ხანძარი გაჩნდა ინფრასტრუქტურის ობიექტზე. კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებიათ.
უკრაინის თავდაცვის ძალები ამ გაზაფხულიდან ინტენსიურად უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს და ტრანსპორტირების მარშრუტებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში.
რუსეთის რეგიონების გასამართ სადგურებზე ბენზინის და დიზელის საწვავის გაყიდვა შეზღუდეს, ან შეწყვიტეს, ანექსირებულ ყირიმში კი სრული დეფიციტი შეიქმნა.
უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია რუსეთის სახელმწიფო სისტემა დააზიანონ, ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუზღუდონ და ომის შეწყვეტა აიძულონ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს და მათ პასუხად, მხოლოდ ივლისის პირველი ექვსი დღის განმავლობაში რაკეტებით და დრონებით ორი მასირებული, დიდი მსხვერპლისა და ნგრევის გამომწვევი შეტევა მიიტანა უკრაინის დედაქალაქ კიევზე.