უკრაინა მიიღებს Gripen C/D-ებს - 2027-ის დასაწყისში და Gripen E-ებს - 2029-ის დასაწყისში
2029 წლის დასაწყისიდან შვედეთი დაიწყებს უკრაინისთვის Gripen E-ის ტიპის ავიამოიერიშეების მიწოდებას.
30 ივნისს, კიევში, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე სერჰი ბოიევმა და შვედეთის თავდაცვითი მასალების ადმინისტრაციის გენერალურმა დირექტორმა მიქაელ გრონჰოლმმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას კიევის მიერ 16 შვედური ავიამოიერიშის შესყიდვაზე. ხელმოწერას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და შვედეთის თავდაცვის მინისტრი პოლ იონსენი.
Gripen E-ების შესყიდვა დაფინანსდება ევროკავშირის სესხითა და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით.
სამშაბათს ხელმოწერილი შეთანხმებით, უკრაინა მიიღებს აგრეთვე საავიაციო მოწყობილობებს, ტექნიკურ დახმარებას და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას. შვედეთში უკვე გადიან წვრთნას უკრაინელი პილოტები და ტექნიკური პერსონალი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, 30 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმების მიღმა, უკრაინა შვედეთისგან სამხედრო დახმარების სახით 2027 წლის დასაწყისში მიიღებს 16 ერთეულ Gripen C/D ავიამოიერიშეებს.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შვედეთს Gripen-ების მიწოდებაზე იმ შეთანხმებების შესრულებისთვის, რომლებსაც მან და შვედეთის პრემიერმინისტრმა ულფ კრისტერსონმა მაისში მიაღწიეს.
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ Gripen-ის მიწოდებაზე გადაწყვეტილება არის შემობრუნების წერტილი უკრაინის საჰაერო ძალებისთვის.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი Linkedin-ზე წერს:
„ისტორიული შეთანხმება შვედეთთან: უკრაინა ხელს აწერს დოკუმენტს პირველი თანამედროვე Gripen-ის ავიამოიერიშის მიღებაზე, საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად“.
ფედოროვი აგრეთვე წერს, რომ საჰარეო თავდაცვის სფეროში უკრაინა შვედეთთან რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობს:
„პირველი არის ოპერატიული. 2027 წლის დასაწყისშივე უკრაინა მიიღებს Gripen C/D-ს პირველ 16 ერთეულს, შვედეთისგან სამხედრო დახმარების სახით. ეს შესაძლებელს გახდის უფრო სწრაფ ინტეგრაციას, პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის წვრთნას. ინფრასტრუქტურის ადაპტაციას და საჰაერო ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას.
მეორე არის სტრატეგიული. უკრაინა იყიდის 16 ერთეულ Gripen E-ს ევროპული კრედიტით დაფინანსებით, გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით
…Gripen-ის ავიამოიერიშე და Meteor-ის რაკეტები, რომლების გადატანაც ამ თვითმფრინავით არის შესაძლებელი, შესაძლოა იქცეს უკრაინის ტექნოლოგიური უპირატესობის უმნიშვნელოვანეს ფაქტორებად. უპირველეს ყოვლისა, საქმე ეხება საფრთხეების გამოვლენას, უფრო ეფექტიან გამკლავებას მტრის ავიაციასთან და საჰაერო სამიზნეებზე შორ მანძილზე წვდომას“, - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი.