← მთავარი
სპორტი

[განახლებული. VIDEO. კალათბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი] უკრაინა 95:76 საქართველო. სამწუხარო მარცხი ბაგაცკისის სცენარით...

4 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[განახლებული. VIDEO. კალათბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი] უკრაინა 95:76 საქართველო. სამწუხარო მარცხი ბაგაცკისის სცენარით...

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. I ეტაპი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები რიგაში უკრაინასთან დამარცხდა - 76:95. მეტოქე მართლაც კარგად მომზადებული აღმოჩნდა საქართველოსთან მატჩისთვის ტაქტიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც.

მათმა მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა მატჩამდე თქვა: “ვემზადებით არა საქართველოსთან, არამედ ქართველ კალათბურთელებთან სათამაშოდ. საქართველოს რიდი, შენგელია და ბითაძე ჰყავს და უნდა ვიცოდეთ, მათ წინააღმდეგ რა მოვიმოქმედოთ. პირველ მატჩში ქართველებთან სწრაფი კალათბურთი ვითამაშეთ და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ კიდეც. ამჯერადაც იგივე უნდა გავაკეთოთ - სწრაფად ვითამაშოთ და მათ არ მივცეთ მაღალ ტემპში თამაშის უფლება”.

ჩვენდა სამწუხაროდ, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ამ კაცმა დაგეგმა: ქართველებს ინდივიდუალურად ტოპ-დონის კალათბურთელები გვყავს, ოღონდ - ცოტა, მათ წინააღმდეგ კი უკრაინის კარგად მომზადებული ნაკრები გამოვიდა.

საბოლოოდ, მსაჯებს მარკის რიდიც გააგდებინეს და გოგა ბითაძეც, ბაგაცკისს კარგად მოეხსენებოდა, რომ საქართველოს თამაში რიდზე იყო აგებული, შეგირდებს უთუოდ მოუწოდებდა, როგორმე პროვოკაციაზე წამოეგოთ ამერიკელი.

მეორე მეოთხედის დასაწყისში მიზანსაც მიაღწიეს - კობზიცმა არასპორტული მოქმედებებით იმდენი ქნა, თავადაც გავარდა და რიდიც გაიყოლა. მის გარეშე დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა თამაშის სათავისოდ დასრულება ვერ მოახერხა და ჯგუფში მესამე მარცხი განიცადა.

მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საქართველომ კიდევ ერთი დანაკლისი მიიღო – მსაჯებმა გოგა ბითაძეს დისკვალიფიკაცია მისცეს და მოედანი ნაადრევად დაატოვებინეს.

ამ მატჩის მნიშვნელობაზე ბევრი დაიწერა, ერთსაც დავამატებთ - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპიდან მეორეში ჯგუფის 4-დან 3 ნაკრები გადადის (ესპანეთი, უკრაინა და საქართველო), შემდეგ შეიქმნება ექვსგუნდიანი ჯგუფები, საიდანაც სამი საუკეთესო გავა. გუნდებს პირველიდან მეორე ეტაპზე ქულები გადაჰყვებათ. სწორედ ამიტომ აქვს თითოეულ მოგებას ოქროს ფასი.

ამ გამარჯვებით უკრაინამ დიდი ნაბიჯი გადადგა მსოფლიო ჩემპიონატისკენ, საქართველოს ნაკრებს კი დარჩენილ შვიდ მატჩში ქულების მაქსიმალური რაოდენობის მოპოვება სჭირდება, რომ მიზანს მიაღწიოს.

11 წუთში მარკის რიდს 18 ქულა ჰქონდა; შენგელიას - 13, ბითაძეს 8 ქულა და 10 მოხსნა; ანდრონიკაშვილს 8 ქულა; ბურჯანაძესა და სანაძეს – 7-7.

საქართველოს ნაკრები პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 5 ივლისს თბილისში, ესპანეთთან გამართავს. შეხვედრა 19:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს “პირველი არხი” შემოგთავაზებთ.

მატჩის შემდეგ

ალექსანდარ ჯიკიჩი: “გვქონდა არაერთი შეცდომა. მეც დავუშვი შეცდომა, არ მქონდა რეაქცია მსგავსი ტიპის თამაშისადმი. ვერ ვიგებდი, რას აკეთებდა მატჩის ზოგიერთი მონაწილე მეტოქის მხრიდან. თუმცა სხვა დროს, როცა მსგავს რამეს დავინახავ, აუცილებლად მექნება რეაქცია”.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან მოგების შემდეგ უკრაინელთა მთავარ მწვრთნელს ჟურნალისტებმა რიდის დისკვალიფიკაციის შესახებ ჰკითხეს - მოახდინა თუ არა გავლენა რიდის მოედნიდან გასვლამ საბოლოო შედეგზე?

„არ ვიცი. ნოსტრადამუსი არ ვარ და ვერ ვიტყვი, რიდთან ერთად რა შედეგით დასრულდებოდა მატჩი. იმ მომენტისთვის რიდს 18 ქულა ჰქონდა. ის ლიდერი იყო, განსაკუთრებით პერიმეტრიდან თამაშში. არ ვიტყვი, რომ რიდის გავარდნა იყო მოგების მთავარი მიზეზი, მაგრამ მისი არყოფნა მოგებაში დაგვეხმარა. ცოტა უფრო გაგვიადვილდა”.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ესპანელებმა დანიასთან გაილაღეს - 109:81. ამ მომენტისთვის მათ 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვთ - 5-დან 5 მოგება. უკრაინამ 5-დან 3 თამაში მოიგო, ჩვენ - 5-დან 2, ხოლო დანიამ - არცერთი.

← მთავარი