UK-ის სანქციებში მოხვდა გემი, რომელიც წლის დასაწყისში ქართულ პორტში იმყოფებოდა
ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებში მოხვდა გემი SILVAR, რომელიც, მათივე თქმით, 2026 წლის დასაწყისში საქართველოს ერთ-ერთ პორტში იმყოფებოდა.
“დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სანქციები მოიცავს რუსეთის მოძველებულ „ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ასავლელად გამოიყენება.
პაკეტში ასევე შევიდა ხომალდი SILVAR, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა.
დიდმა ბრიტანეთმა 2026 წლის განმავლობაში, მხოლოდ რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში, თითქმის 500 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები”. - წერს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო.
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა ოთხი რუსული საკრედიტო ინსტიტუტის წინააღმდეგ: Eurofinance Mosnarbank, Yandex Bank, Wildberries Bank და Vyatich Bank.
გარდა ამისა, ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა ორი რუსი სადაზღვევო კომპანია: როსგოსტრახი და ბალანსი დაზღვევა.
სანქციები ასევე შეეხო ათობით გემს, რომელიც რუსულ ნავთობს ატარებდა.
“ეს სანქციები მიმართულია გემების, ფულისა და იმ მოქმედი პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის საომარ ეკონომიკას და, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნიან ევროპის უსაფრთხოებას,” - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა.