ბრიტანეთმა სანქციები სამ ქართულ კომპანიას დაუწესა — 70 მილიონი დოლარის ტრანზაქციები რუსეთის სასარგებლოდ
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა და ახალ პაკეტში სამი საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შეიყვანა: Arvix LLC, Rapira Group LLC და Aifory LLC. ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, ეს კომპანიები კრიპტოვალუტის გაცვლის პლატფორმებს იყენებდნენ რუსეთისთვის სანქციებისგან თავის ასარიდებლად, ხოლო სანქცირებულ სუბიექტებთან მათი ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე 70 მილიონ დოლარს შეადგენს.
„ჩვენ ასევე ზომებს ვიღებთ 3 ქართული კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც მართავენ რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს და ცდილობენ სანქციებს გვერდი აუარონ,” — ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ სანქცირებული კომპანიებიდან არცერთი საქართველოში ფაქტობრივად არ ოპერირებდა. გამოძიებით დადგენილია: Aifory LLC და Arvix LLC ფიქტიურად, ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვა პირების სახელზე დარეგისტრირდნენ, ხოლო რეალურად მოსკოვიდან მუშაობდნენ — საქართველოში არც ოფისი ჰქონდათ და არც აქტივი.
Rapira Group LLC კი ვებსაიტ rapira.net-ის მეშვეობით ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეებს ემსახურებოდა; მისი დომენი რუსულ რეგისტრატორთანაა გაფორმებული.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, წინასწარ განხილულ სისხლის სამართლის საქმეში, 2026 წლის 28 აპრილს, სასამართლომ სამ ბრალდებულს 30 000 ლარის ჯარიმა და პირობითი მსჯავრი გამოუტანა, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს — 9 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა.