GCHQ-ს ხელმძღვანელი: „არასწორი გათვლის საფრთხე ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა”
გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო უწყების GCHQ-ს ხელმძღვანელმა, ენ კისტ-ბატლერმა 27 მაისს ბლეტჩლის პარკში საჯარო გამოსვლისას დასავლეთს გააფრთხილა: „სამი ათწლეული ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში ვმუშაობ — და არასწორი გათვლის საფრთხე ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა.”
კისტ-ბატლერმა განაცხადა, რომ „რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ მოქმედებებს გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის წინააღმდეგ” — ეს მოიცავს კიბერთავდასხმებს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის საბოტაჟს, მიწოდების ჯაჭვების დარღვევასა და საზოგადოებრივი ნდობის ეროზიას.
„ჩვენ ვართ რადიკალური ბუნდოვანების, სადაო გეოპოლიტიკისა და სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიის ეპოქაში,” — განაცხადა GCHQ-ს ხელმძღვანელმა და ყველას მოუწოდა კიბერუსაფრთხოება „მისაღები ოთახებიდან საკონფერენციო დარბაზებამდე” გადაუდებელ პრიორიტეტად მიიჩნიონ.
გამოსვლაში კისტ-ბატლერმა ასევე ახსენა ჩინეთი — „ახლა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სუპერ ძალა” — და კვანტური საფრთხე, რომელიც, მისი სიტყვებით, ყოველთვის „ათწლეულის შემდეგ” მოიაზრებოდა, „მაგრამ ეს შეიცვალა.”
GCHQ-ს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთ-ამერიკული UKUSA სადაზვერვო ალიანსის 80 წლისთავს და მოკავშირეებთან ურთიერთთანამშრომლობის კრიტიკულ მნიშვნელობას. „მტკიცენი ვართ უკრაინის მხარდაჭერაში — პუტინი უკან იხევს ბრძოლის ველზე,” — დაამატა მან.