[უეფა-ს რეიტინგი] ქართულმა კლუბებმა LIVE-რეიტინგში პოზიცია ოდნავ გაიმყარეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის...
ევროტურნირების დაწყებამდე ვიცოდით, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულ გუნდებს მაქსიმალური შედეგი სჭირდებათ, ევროსარბიელზე 4 გუნდი რომ დავიბრუნოთ და უეფა-ს რეიტინგში პოზიცია გავიუმჯობესოთ.
პირველ მატჩებში 4-დან სამმა გუნდმა მოიგო და საქართველომ რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაში “იბერიამ” ტალინში 3:2 სძლია “ფლორას”, კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის “ტორპედო” აზერბაიჯანში 0:3 დამარცხდა “ზირასთან”, სამაგიეროდ, გორში “დილამ” 3:1 მოუგო სან მარინოს “ვირტუსს”, ხოლო თბილისის “დინამომ” ლუქსემბურგში აჯობა “მონდორფს” - 2:1.
ამ მოგებებით საქართველოს რეიტინგს 0,750 ქულა შეემატა, რაც აუტსაიდერებში საუკეთესო მაჩვენებელია. აქვე შეგახსენებთ, რომ მოგებაზე 0.250 ქულა იწერება, ხოლო ფრეზე - 0,125. ამან საქართველო უეფა-ს LIVE-რეიტინგში მომავალი სეზონისთვის 52-დან 50-ე ადგილზე დაააწინაურა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართულმა გუნდებმა უშუალო კონკურენტებს, ესტონეთის და ლუქსემბურგის კლუბებს აჯობეს. ამით საქართველომ ორი კურდღელი დაიჭირა - უშუალო კონკურენტების პოზიციები შეარყია და საკუთარი რეიტინგი გაზარდა. პლუს, მთლიანობაში პირველი მატჩების შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ მათზე მეტი ქულები დააგროვა.
ცხადია, ეს ჯერ არაფერს ნიშნავს, რადგან ჯერ მხოლოდ პირველი მატჩები გაიმართა. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა საპასუხო შეხვედრებიც წარმატებით ჩაატარონ და საერთოდ, წლევანდელ ევროსეზონში მინიმუმ 2,500 ქულა დააგროვონ, უეფა-ს ტურნირებზე მხოლოდ 3 გუნდით რომ არ ვითამაშოთ.