[ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი. U20] ვაჟებში სრულად, გოგონებში სამეულით...
6-12 ივლისს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე 20-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. იქ საქართველო სამივე დისციპლინაში იქნება წარმოდგენილი - ვაჟების ორივე სახეობასა და გოგონებშიც. ოღონდ, ვაჟებში თუ ორივეგან სრულად დაკომპლექტებული გუნდები გვეყოლება, გოგონებში ამის ფუფუნება ჯერჯერობით არ გვაქვს - მხოლოდ 3 მონაწილით გამოვალთ.
ორივე ნაკრებში, ძირითადად, შენარჩუნებულია შარშანდელი ბირთვი, შარშან კი ორივე ნაკრებმა დიდი წარმატებით იჭიდავა ევროპის ჩემპიონატზე. “თავისუფლებმა” 10 წონიდან 7-ში მედალი მოიპოვეს - 3-3 ოქრო-ბრინჯაო და 1- ვერცხლი. ბუნებრივია, ბელდუხ გავაშელიშვილის გუნდმა გუნდურ ჩათვლაშიც გაიმარჯვა.
საინტერესოა, რომ ამ 7-დან 6 მედალოსანი გორელია. შიდა ქართლელთაგან ევროპის ჩემპიონები დავით ჭეჭელაშვილი (79), დაჩი პაპინაშვილი (86) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97) გახდნენ. მეორეზე ნიკა ზანგალაძე (57) გავიდა, მესამეზე - საბა ღამბაშიძე (61) და გოგა ოთინაშვილი (70). კიდევ ერთი ბრინჯაო თბილისელმა მძიმეწონოსანმა ალექსანდრე აბრამიშვილმა მოიპოვა. ამათგან პაპინაშვილი, პეტრიაშვილი და აბრამიშვილი წლეულსაც რჩებიან გუნდში.
გუნდური ჩათვლა მოიგეს რევაზ ლაშხის გაწვრთნილმა ბერძენ-რომაელებმაც. საინტერესოა, რომ მათაც 7 მედალი მოიპოვეს; მათ შორის - 3 ოქრო, თუმცა არ ჰქონდათ ვერცხლი - 4 ბრინჯაო დაისაკუთრეს.
მათგან ჩემპიონები თბილისელი ალექსანდრე რუსიტაშვილი (72) და აჭარის წარმომადგენლები - ანრი ფუტკარაძე (77) და ლუკა კოჩალიძე (87) გახდნენ, მესამეზე კი გარდაბნელი კობა ქარუმიძე (55), ხობელი ვახტანგ ლოლუა (60), აჭარის წარმომადგენელი ანრი ხოზრევანიძე (67) და გარდაბნელი საბა ფურცელაძე (130) გავიდნენ.
ამათგან ევროპის ჩემპიონატზე წლეულს ქარუმიძე, რუსიტაშვილი და ფურცელაძე გამოვლენ. რაც შეეხება გოგონებს, შარშან მათთან მონაწილე არ გვყოლია.
ევროპის ჩემპიონატში თავიდან ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან - 6-8 ივლისს იჭიდავებენ. 8-ში მათ გოგონებიც შეუერთდებან და მომდევნო 3 დღე მათ დაეთმობათ, 10-12 ივლისს კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები შეეცდებიან ევრომედლების მოპოვებას.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
55 კგ. კობა ქარუმიძე (გარდაბანი)
60 კგ. კახაბერ გოგინაშვილი (თბილისი)
63 კგ. გიორგი ჭიკაიძე (გარდაბანი)
67 კგ. ერეკლე თავბერიძე (ოზურგეთი)
77 კგ. გიორგი გოგელაშვილი (ქუთაისი)
72 კგ. ალექსანდრე რუსიტაშვილი (თბილისი)
82 კგ. ლუკა ფიფია (ოზურგეთი)
87 კგ. ლუკა კოჩალიძე (აჭარა)
97 კგ. არმან მკრტიჩიანი (თბილისი)
130 კგ. საბა ფურცელაძე (გარდაბანი)
თავისუფალი ჭიდაობა
57 კგ. გიორგი წურიაშვილი (გორი)
61 კგ. რუბენ თანგამიანი (ნინოწმინდა)
65 კგ. თენგიზ ბარბაქაძე (რუსთავი)
70 კგ. ზურაბ აბალაკი (გორი)
74 კგ. ლუკა ტატიაშვილი (გორი)
79 კგ. იაკობ ქობულაშვილი (გორი)
86 კგ. დაჩი პაპინაშვილი (გორი)
92 კგ. სანდრო ყურაშვილი (კასპი)
97 კგ. კონსტანტინე პეტრიაშვილი (გორი)
125 კგ. ალექსანდრე აბრამიშვილი (თბილისი)
გოგონათა ნაკრები
57 კგ. ნინი ციცვიძე
62 კგ. მირანდა კაპანაძე
65 კგ. ანი ჩაჩანიძე