← მთავარი
სპორტი

[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა

3 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯუნიორ ბოკესთან ლელოთი ანგარიში გახსნეს და სასურველ შედეგს 22-ე წუთამდე ინარჩუნებდა, თუმცა მეტოქემ პირველ ტაიმში ორი, მეორეში კი სამი ლელო გაიტანა და 33:5 იმარჯვა.

ეს იყო ამ გუნდების მეხუთე რკენა მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე და ჯერჯერობით ყველა მათგანი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. გარდა ამისა, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს წელს მეოთხედ (ამხანაგურ მატჩებში ორჯერ თებერვალში საქართველოში და ერთხელ მაისში, სამხრეთ აფრიკაში) შევერკინეთ და უძლიერეს მეტოქესთან ისტორიულ გამარჯვებას ვერც ამჯერად მივაღწიეთ.

არადა ყველაფერი მასპინძლებისთვის კარგად დაიწყო. “ავჭალის” სავსე ტრიბუნებით ფრთაშესხმულმა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, მეტოქე დებიუტშივე დააჯარიმეს. მართალია დაჩი წიკლაურს ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა გაუცუდდა, თუმცა იერიშები გავაგრძელეთ, მე-7 წუთზე, დერეფნიდან აგორებული მოლის შემდეგ ბურთი კარგად გავშალეთ, ნიკა ხალვაშმა ხაზი გაჭრა და სივრცეში ლუკა ტაბატაძე შეუშვა, რომელიც ლელოში ალამთან შეფრინდა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

ამის შემდეგ რამდენიმე მარტივი შეცდომა დავუშვით, ჯუნიორ ბოკემ ბურთზე კონტროლი დაამყარა და დარჩენილი დროის უმეტესი წილი ჩვენს ნახევარზე გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ლელოს თავგამოდებით ვიცავდით და ჯამში 210 ბოჭვა შევასრულეთ, მეტოქემ 22-ე წუთზე გატანილი ლელოთი წონასწორობა აღადგინა, 33-ეზე კი მეორე ძალისმიერი ლელო მიითვალა და შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 12:5.

ამას ისიც დაერთო, რომ პირველი ტაიმის ბოლოს წითელი ბარათი ლევან ეზიეშვილმა მიიღო, მეორეს დასაწყისში კი სინბინით ტაბატაძეც დაისაჯა. 13 კაცით თავდაცვამ დიდი ენერგია წაიღო და 53-ე წუთზე უკვე 14 მოთამაშით მესამე ლელო მაინც მივიღეთ. ჯამში 19 ჯარიმა რომ ავიღეთ, მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი დაჩი წიკლაურმაც მიიღო და ჩვენს 5-მეტრიანში ჯარიმის მოულოდნელად გათამაშებით, სამხრეთ აფრიკამ ბონუსის მომტანი მეოთხე ლელო გაიტანა.

ვიტო კოლელიშვილის შეგირდებს ბრძოლა ბოლო წუთამდე არ შეუწყვიტავთ, მაგრამ მატჩის მიწურულს აფრიკელებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და საბოლოოდ 33:5 გაიმარჯვეს.

საქართველო 2 საცხრილო ქულით ა ჯგუფში მესამე ადგილზე რჩება. მისი მესამე მეტოქე 7 ივლისს ურუგვაი იქნება (20:30 საათზე), რის შემდეგაც ფლეი ოფში გადავინაცვლებთ და კიდევ ორ თამაშს გავმართავთ.

2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი

ჯგუფური ეტაპი. ა ჯგუფი. II ტური. 2 ივლისი

თბილისი (საქართველო). “ავჭალა”. 20:30 საათი

საქართველო - სამხრეთ აფრიკა 5:33 (5:12)

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დავით ბარბაქაძე, 11. ლეონიდე სალდაძე, 10. მათე მახარაძე, 9. დაჩი წიკლაური;

შერკინება: 1. ლუკა იასეშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. საბა ნოზაძე, 19. ანდრია ბილანიშვილი, 20. ირაკლი ყოლბაია; 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა არობელიძე.

1 ლელო: ტაბატაძე

← მთავარი