ცნობილია თურქული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავის გარდაცვალების მიზეზი - ექსპერტიზის დასკვნამ თავდაპირველი ვერსია გამორიცხა: მსახიობის ტრაგედიის ახალი დეტალები
“ოთახში შევედი და…“ - რა გახდა “შერბეთის“ 35 წლის მსახიობის მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი და დედის სულის შემძვრელი ჩვენება
თურქული კინოსა და სერიალების მოყვარულთათვის ნამდვილი შოკი იყო ახალგაზრდა მსახიობის, ეჯე ირთემის ტრაგიკული გარდაცვალება. ვარსკვლავი საკუთარი დაბადების დღის მეორე დღეს, დედის ხელში გარდაიცვალა. ამ დრომდე მედიაში უამრავი ვერსია და ჭორი ვრცელდებოდა, თუმცა ამჯერად თურქული მედია ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა ასაჯაროებს.
რა გახდა ტრაგედიის ოფიციალური მიზეზი?
როგორც თურქული მედია წერს, სამედიცინო ექსპერტიზამ და ანალიზების საფუძვლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ეჯე ირთემის სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ალკოჰოლური მოწამვლა გახდა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკუთარ სახლში, დაბადების დღის აღნიშვნის მეორე დღეს გაუარესდა. თავდაპირველად საზოგადოება გულის შეტევაზე საუბრობდა, ზოგიერთმა კი ტრაგედია აკრძალული ნივთიერებების მოხმარებას დაუკავშირა - მით უმეტეს, რომ ამჟამად თურქეთში მსახიობთა წრეში ნარკოტიკების მოხმარების საქმეზე მასშტაბური გამოძიება და დაკავებები მიმდინარეობს. თუმცა, ოფიციალურმა დასკვნამ ეს ინფორმაციები სრულად უარყო.
“ინტოქსიკაცია და ანტიდეპრესანტები“ - დედის ჩვენება
როდესაც სოციალურ ქსელებში ჭორების ტალღა უკონტროლო გახდა, ეჯეს ოჯახმა და უახლოესმა გარემოცვამ დუმილის დარღვევა გადაწყვიტა. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა მსახიობის დედის სიტყვები, რომელიც შვილის სიცოცხლის ბოლო წუთებში მის გვერდით იყო:
“შვილის დაბადების დღეს ჩვენივე უბნის ერთ-ერთ რესტორანში აღვნიშნავდით. სახლში 20:36 საათზე დავბრუნდით. ეჯე დასაძინებლად დავაწვინე, რადგან საკმაოდ ბევრი ჰქონდა დალეული, ამასთანავე, ექიმის მიერ გამოწერილი ანტიდეპრესანტებიც ჰქონდა მიღებული.
ღამით გავიგონე, როგორ ადგა საპირფარეშოში გასასვლელად, შემდეგ კი ისევ დაწვა. დილით, როგორც ყოველთვის, საუზმეზე დავუძახე, მაგრამ ხმა არ გამცა. ოთახში რომ შევედი, ის უგონოდ იწვა, პირიდან კი უსიამოვნო სუნის მქონე სითხე გადმოსდიოდა“.
მსახიობის დედამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ალკოჰოლისა და მედიკამენტების ერთობლიობამ მძიმე დარტყმა მიაყენა ეჯეს ორგანიზმს, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.
წინათგრძნობა: “მგონია, რომ ახალგაზრდა მოვკვდები“
ტრაგედიის შემდეგ მედიაში აქტიურად განიხილავენ ეჯე ირთემის მეგობრის მოგონებებსაც. გოგონამ აღნიშნა, რომ მსახიობი თითქოს ჩქარობდა ცხოვრებას, ბევრს მოგზაურობდა და ცდილობდა ყოველი წამით დამტკბარიყო:
“ერთხელ მითხრა: “ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი მოხუც ქალად. მგონია, რომ ახალგაზრდა მოვკვდები“. მაშინ ვუთხარი, რომ სისულელეებს ამბობდა, თუმცა მისი გარდაცვალების წინა სამი დღე, არ ვიცი რატომ, სულ ამ სიტყვებზე ვფიქრობდი. როგორც ჩანს, ზოგიერთი წინათგრძნობა შემთხვევითი არ არის…“, - იხსენებს მეგობარი.
აუხდენელი ოცნებები
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ეჯეს ჰკითხეს სერიალზე “შერბეთი“, რომელმაც მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. მსახიობმა აღიარა, რომ თავადაც ამ პროექტის დიდი ფანი იყო და ყოველთვის ოცნებობდა მისი ისტორიის ნაწილი გამხდარიყო.
“ამ სერიალის პოპულარობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ სცენარი იდეალურად აღწერს თურქეთის შიდა დინამიკას. ის ასახავს რეალურ ცხოვრებას და იმ მოვლენებს, რაც შეიძლება ნებისმიერ ოჯახში მოხდეს. რა თქმა უნდა, ის გადმოსცემს რეალურ ფაქტებს, მაგრამ ამავე დროს, ზოგჯერ კომედიით, ტრაგედიითა და დრამით აბალანსებს. ვფიქრობ, მაყურებელს ის ძლიერი ემოციებისა და ადრენალინის გამო შეუყვარდა. თითოეულ პერსონაჟს თავისი კონკრეტული ადგილი აქვს საზოგადოებაში“, - ამბობდა მსახიობი.
კარიერის მიღმა, 35 წლის ვარსკვლავს მრავალმხრივი ინტერესები ჰქონდა. სიცოცხლის ბოლო თვეებში მან ვოკალის გაკვეთილებზე სიარული დაიწყო, ისწავლა გიტარაზე დაკვრა და აგარაკზე დიდი ჩოგბურთის მაგიდაც კი დადგა ოჯახთან ერთად სავარჯიშოდ.
“ზამთარში ვგიჟდები თხილამურებზე, თუმცა ახალ პროექტებზე მუშაობისას თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება. ძილი კი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მძიმე გადაღებების შემდეგ ორგანიზმის აღდგენა აუცილებელია“, - აღნიშნავდა ეჯე, რომლის სიცოცხლეც ასე მოულოდნელად და ტრაგიკულად შეწყდა.