თურქეთში კომუნისტურმა პარტიამ NATO-ს საწინააღმდეგო აქცია გამართა — დააკავეს 100-ზე მეტი ადამიანი | ვიდეო
თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთის კომუნისტური პარტიის (TKP) მიერ ორგანიზებულ NATO-ს საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
7 და 8 ივნისს თურქეთი ანკარაში 32 მოკავშირე ქვეყნის ლიდერს და NATO-ს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლებს. შეხვედრის წინ ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა თურქეთის დედაქალაქში, აკრძალა დემონსტრაციები, ბარიკადებით გადაკეტა ქალაქის დიდი ნაწილი და ჩაკეტა გზები.
განცხადებაში TKP-მ აღნიშნა, რომ საპროტესტო მსვლელობა ანკარის ცენტრალურ, ქიზილაის მოედანზე მოაწყო და დასძინა, რომ პარტიის 100-ზე მეტი წევრი, მათ შორის ხელმძღვანელი პირები, დააკავეს.
გავრცელებულ კადრებში ჩანდა, როგორ სკანდირებდნენ დროშებით ხელში მომიტინგეები ლოზუნგებს: “მკვლელო NATO, დატოვე ქვეყანა” და “გზა არ მიეცემა NATO-ს”, რა დროსაც სპეცრაზმმა ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
TKP-ის მიერ ორგანიზებულ სხვა საპროტესტო აქციაზე ასობით ადამიანი სტამბოლის თაქსიმის მოედნიდან დოლმაბაჰჩესკენ მარშით წავიდა. ორი ცალკეული აქცია გაიმართა მემარცხენე ჯგუფების მიერ კადიქოის რაიონშიც. პოლიციის მობილიზების მიუხედავად, სტამბოლში საპროტესტო აქციების დროს შეტაკებებს ადგილი არ ჰქონია.
“ჩვენ დღეს თურქეთის ბევრ წერტილში შევიკრიბეთ NATO-ს გასაპროტესტებლად. ჩვენ ვთქვით, რომ ანკარას NATO-ს მხარდამჭერებს არ ჩავაბარებდით და არ დავუშვებდით, რომ ანკარა გაჩუმებულიყო. ეს პირობა შევასრულეთ,” — განაცხადა TKP-ის გენერალურმა მდივანმა, ქემალ ოქუიანმა სტამბოლში.
ხელისუფლებას საპროტესტო აქციებსა და დაკავებებზე ოფიციალური კომენტარი დაუყოვნებლივ არ გაუკეთებია.
Reuters წერს, რომ გასულ თვეში, ანკარაში ანტიტერორისტული რეიდების ფარგლებში, სამართალდამცავებმა 103 ადამიანი დააპატიმრეს, სულ კი 225 პირი იყო დაკავებული.
ამასთანავე, კვირას მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ანტიტერორისტული რეიდების დროს კიდევ 39 ადამიანი დააკავეს, მათ შორის დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ჟურნალისტები, აქტივისტები და აკადემიკოსები.