თურქეთის მიერ S-400-ების შესაძლო გადაყიდვაზე კრემლი ანკარასთან მოლაპარაკებებს მართავს
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი თურქეთთან დისკუსიებს მართავს რუსული S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაყიდვასთან დაკავშირებით.
მანამდე თურქულმა გამოცემა Hurryet-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანკარა S-400-ების სპარსეთის ყურის ქვეყნისთვის გადაცემას აპირებდა.
გამოცემის მიხედვით, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების გაყიდვის გადაწყვეტილების შესახებ თურქეთმა შესაძლოა, მალევე განაცხაოს, რათა აშშ მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაში დაარწმუნოს.
კითხვაზე, მოითხოვა თუ არა თურქეთმა რუსეთის თანხმობა S-400-ების გადაყიდვის სავარაუდო შეთანხმებასთან დაკავშირებით, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საკითხი “უკიდურესად სენსიტიურია”.
“თუმცა, ამ საკითხზე თურქულ მხარესთან კონტაქტი გვქონდა და გავაგრძელებთ ამ საკითხზე კონტაქტის შენარჩუნებას.
ცნობისთვის, 2020 წლის დეკემბერში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთს CAATSA (Countering America’s Adversaries Through Sanctions Act) სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც ანკარამ რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემა შეიძინა.
CAATSA ამერიკული კანონია, რომელიც მიღებულ იქნა 2017 წელს და მიზნად ისახავს იმ ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებას, რომლებიც თანამშრომლობენ აშშ-ს მოწინააღმდეგე ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან.
ამავე მიზეზით გაირიცხა თურქეთი აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილი F-35 Joint Strike Fighter პროგრამიდან 2019 წელს. F-35 Joint Strike Fighter მეხუთე თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავია. თურქეთი, აშშ-ს სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, პროგრამაში 1999 წლიდან იღებდა მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში თურქეთი აღნიშნული ტიპის ავიაგამანადგურებლის 950-ზე მეტ კომპონენტს ამზადებდა, რის შემდეგაც მათ შეისყიდდა.
თურქეთის მიერ რუსული S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის შემდეგ აშშ-მ და NATO-მ განაცხადეს, რომ S-400 შეუთავსებელი იყო NATO-ს სისტემებთან და ქმნიდა უსაფრთხოების რისკს, რუსეთთან F-35-ის ტექნოლოგიური მონაცემები გაზიარებულიყო.
მას შემდეგ თურქეთი F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პროგრამიდან გამოთიშვას უსამართლოდ მიიჩნევდა და პროგრამაში ხელახლა გაწევრიანებას ან მასში ჩადებული საკუთარი წილი ინვესტიციის - $1.3 მილიარდის - კომპენსაციას მოითხოვდა.
ამ მხრივ თურქეთმა წარმატებას 7 ივლისს მიაღწია, როცა NATO-ს სამიტის ფარგლებში ტრამპსა და ერდოღანს შორის გამართული შეხვედრის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოხსნის ანკარისთვის F-35-ის ტიპის გამანადგურებლების შესაძლო მიყიდვას კვლავ განიხილავს.