← მთავარი
მსოფლიო

თურქეთ-სომხეთის საზღვარი სომხეთის კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ გაიხსნება — თურქეთში აზერბაიჯანის ელჩი

19 მაისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
თურქეთ-სომხეთის საზღვარი სომხეთის კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ გაიხსნება — თურქეთში აზერბაიჯანის ელჩი

თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლასთანაა დაკავშირებული — ამის შესახებ თურქეთში აზერბაიჯანის ელჩმა მამადოვმა განაცხადა. მისი თქმით, ბაქო ჩართულია სომხეთ-თურქეთის ნორმალიზების პროცესში და „სომხური-თურქული და სომხური-აზერბაიჯანული კონფლიქტების მოგვარება პარალელურად ვითარდება.”

„7 ივნისის [სომხეთის საპარლამენტო] არჩევნების შემდეგ სომხები ჩაატარებენ რეფერენდუმს და შეცვლიან კონსტიტუციას,” — თქვა ელჩმა. — „როდესაც ტერიტორიული პრეტენზიები აღმოიფხვრება, ხელი მოეწერება სამშვიდობო ხელშეკრულებას და სომხეთ-თურქეთის საზღვარი გაიხსნება.”

ორ ქვეყანას შორის საზღვარი 1990-იანი წლებიდან ჩაკეტილია. 2025 წლის დეკემბერში „ბლუმბერგი” წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თურქეთი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში სახმელეთო საზღვრის გახსნას განიხილავდა — ელჩის დანიშვნა და ურთიერთობების სრული აღდგენა კი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების ოფიციალური გაფორმების შემდეგ განიხილება.

აზერბაიჯანი მოლაპარაკებების წინაპირობად ასახელებს სომხეთის კონსტიტუციიდან ყარაბაღისა და დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითებების ამოღებას — ბაქოს შეფასებით, ის „ტერიტორიულ პრეტენზიებს” შეიცავს. სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის მიღება დაადასტურა, სადაც ეს ფორმულირებები არ შევა.

← მთავარი