ლაშა ტუღუში: ღონისძიებებს, სადაც ბავშვები მონაწილეობენ, უნდა ესწრებოდეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, სადაც “პირველი არხის” ეთერში “სიმღერის აკადემიის” მუსიკალური ნომრის ჩაწერისას 10 წლის ბავშვის წაქცევის ინცინდენტს განიხილავდნენ, საბჭოს წევრმა ლაშა ტუღუშმა ბავშვთა უსაფრთხოების პროტოკოლებისა და პასუხისმგებელ პირთა საკითხი დააყენა. ტუღუშის თქმით, მსგავსი ღონისძიებებისთვის სპეციალური წესი და პროტოკოლი არსებობს, რომელიც ბავშვთა უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს. “პროტოკოლი ნიშნავს იმას, რომ სპეციალური წესი არსებობს, რომლის მიხედვითაც გამოყოფილია სპეციალური ადამიანი, რომელიც არაფერს არ აკეთებს, მარტო ამას აკეთებს და მით უმეტეს, როცა არიან ბავშვები და ეს არის საჯარო ღონისძიება, ის აკვირდება რამე არ მოხდეს მსგავსი. უნდა იყოს სპეციალური ადამიანი გამოყოფილი,” — განაცხადა ტუღუშმა. მისივე თქმით, ბავშვთა უფლებების კოდექსი ავალდებულებს ორგანიზატორებს, საჯარო ღონისძიებებზე ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ჰყავდეთ განსაზღვრული და ეს ინფორმაცია მშობლებისთვისაც ცნობილი იყოს. “მე ვერ ვნახე, სამწუხაროდ, არსად არ არის ეს პროტოკოლი ატვირთული. ეს ვალდებულება არსებობს კანონმდებლობით. ბავშვთა უფლებების კანონი პირდაპირ ამბობს ამას და ეს არის ვალდებულება — იქ, სადაც ასეთი ტიპის საჯარო ღონისძიებები იმართება, ეს დოკუმენტი უნდა იყოს ატვირთული ფორმალურად და არამარტო, უნდა გააცნო ბავშვების მშობლებს და მათ უნდა იცოდნენ, სად მიდიან და ვინ არის ის ადამიანი, პერსონალურად პასუხისმგებელი,” — აღნიშნა მან. ტუღუშმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამედიცინო პერსონალის დასწრების აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებების დროს ექიმი ან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი უნდა იმყოფებოდეს. “ექიმი, როგორც წესი, ამას ასევე ითხოვს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ. ასეთ დროს აუცილებლად იყოს ვიღაცა დამსწრე, მასთან ერთად, ვინც უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, რომელიც სამედიცინო საკითხებში არის გარკვეული, იმიტომ, რომ უცბათ რომ დაჭირდეს ბავშვს და დაჭირდა ბავშვს, და ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ იმ ბავშვს თურმე გული წაუვიდა,” — თქვა ტუღუშმა. შეხვედრაზე მყოფმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის დირექტორმა რუსუდან მანჯგალაძემ განაცხადა, მაუწყებელს ექიმისა და ექთნის შტატი არ ჰყავს და პირველადი დახმარების გასაწევად თანამშრომლები არიან გადამზადებულნი. “ექიმი და ექთანი, ასეთი შტატი საზმაუს არ აქვს. ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების სამსახური, სადაც გადამზადებულები არიან პირველად დახმარებასთან დაკავშირებით. ბავშვს რომ დაჭირვებოდა პირველადი დახმარება და ვისაც ჰქონდა მასთან პირველადი კომუნიკაცია, ბავშვმა უთხრა, რომ მას დასცხა და ჩამოჯდა. ბავშვმა გააგრძელა ფოტოების გადაღება, ვისთვის უნდა გაეწია პირველადი დახმარება, სასწრაფო რატომ უნდა გამოგვეძახა, თორემ სასწრაფოს გამოძახებას რაღა უდგა მაშინ,” — განაცხადა მან. მისივე თქმით, ბავშვებზე პასუხისმგებლობა თანმხლებ პედაგოგს ეკისრება. “ბავშვები, რომლებიც მოდიან, მათზე პასუხისმგებლები არიან ის პედაგოგები, რომლებსაც მოჰყავთ. ზოგი პედაგოგი არის, რომელსაც აკრძალული აქვს მშობლების მოყოლა, ზოგი არის, რომელსაც მშობლები მოჰყავს აუცილებლად,” — აღნიშნა რუსუდან მანჯგალაძემ სხდომაზე. საპასუხოდ, ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რომ პასუხისმგებელი პირის არსებობა კანონით არის გათვალისწინებული. “ვინც იცის, ის უნდა ყოფილიყო წესით, იმიტომ, რომ წერია, არსებობს 67-ე მუხლი, მე-4 პუნქტი, სადაც პირდაპირ წერია, რომ საჯარო ღონისძიებებზე, სადაც ბავშვები მონაწილეობენ და 57 ბავშვია, იქ უნდა ესწრებოდეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი,” — განაცხადა ტუღუშმა. შეგახსენებთ, 9 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს სიმღერის დროს როგორ ეცემა ბავშვი, გუნდი კი სიმღერას განაგრძობს. ბავშვის ბებია, ანა კუხალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე. ამ სამი წუთის განმავლობაში არავინ იცოდა, ჰქონდა თუ არა თავის ტრავმა, სჭირდებოდა თუ არა სასწრაფო დახმარება”. მისივე თქმით, “სიმღერის აკადემიას, რაც კი გაკვეთილი ჩაუტარებია, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გაკვეთილი სწორედ გუშინ მიეცა. მაგრამ ეს გაკვეთილი ვერ ჩაატარეს. ყველაზე მთავარი გამორჩათ — ადამიანი, ბავშვი”. “მივედი მე თვითონ ამ ბავშვთან და როგორ ხარ-თქო და კარგადო, გამიღიმა” — ლიზა ბაგრატიონი 10 წლის ბავშვის ოჯახს ბოდიშს უხდის 100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ საეთეროში მყოფი ვერც ერთი ადამიანი ვერ დაინახავდა ბავშვის დაცემას — სალომე გოგინაშვილის განმარტება საზმაუს ეთერში მომხდარზე “ეთერში ბავშვის დავარდნის კადრი, სამწუხაროდ, ვერ მოხვდა” — რუსუდან მანჯგალაძე საზმაუს ეთერში სიმღერის ჩაწერის დეტალებს იხსენებს ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით — ელენე ჯაფარიძე საზმაუს ეთერში მომხდარზე საჩივრით მივმართე დირექტორს, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს — ლაშა ტუღუში პირველი არხის ეთერში სიმღერისას ბავშვის წაქცევაზე “ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას” — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა პირველი არხი: “არასრულწლოვანის გულისწასვლა პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს” “სიმღერის აკადემია” აცხადებს, რომ სცენის განათების და ხმამაღალი მუსიკის გამო გულწასული არასრულწლოვანი ვერ შენიშნეს ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო