← მთავარი
საზოგადოება

"მოდიან ადამიანები წურბელებით მკურნალობისას გამოწვეული გართულებებით - კბენის ადგილზე შეჭრილი აქვთ ბაქტერიული ინფექციები" - რას ამბობს ინფექციონისტი

9 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ჯერ კიდევ იყენებენ წურბელებით მკურნალობას - ჩემთან მოდიან პაციენტები, რომლებსაც კბენის ადგილზე შეჭრილი აქვთ ბაქტერიული ინფექციები. პაციენტებში, რომლებმაც მომმართეს, იყო კანის ჩირქოვანი ინფექცია, ერთ-ერთი იყო თავის არეში”, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, წურბელებით მკურნალობისას, გვერდითი მოვლენა შესაძლოა იყოს სისხლდენა, ზოგჯერ კი ძლიერი.

“ცივილიზებულ ქვეყნებში არავინ იყენებს წურბელებს, არაერთი თანამედროვე ალტერნატივა არსებობს მედიცინაში. წურბელები არის ღრმა წარსულის გადმონაშთი.

მკაფიოდ უნდა განიმარტოს, რომ წურბელებით მკურნალობის ეს მეთოდი არცერთ ცივილურ, საერთაშორისო გაიდლაინში არ არსებობს. არსებობს მკურნალობის თანამედროვე მედიკამენტური ალტერნატივა, რასაც ვითომდა წურბელები შველის.

წურბელებით მკურნალობისას, გართულებები შესაძლოა იყოს სისხლდენა, განსაკუთრებით, თუ პაციენტს აქვს სხვადასხვა პრობლემა შედედებასთან დაკავშირებით, ძალიან ხშირია გახანგრძლივებული, ზოგჯერ კი ძლიერი სისხლდენა.

რა თქმა უნდა, ყველა მკურნალობას აქვს გვერდითი მოვლენა. სასწორზე როდესაც პაციენტის საჭიროება დგას, მედიკამენტის, თუ მეთოდის გვერდითი მოვლენები გასაგებია და უნდა იმართოს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ისეთ მეთოდზე, რომელიც ცივილურ მედიცინაში აღარ არსებობს, რომლის აუცილებლობაც აღარ არის, საკითხი დგას შემდეგნაირად: მისი საჭიროება გაუგებარია.

რაც შეეხება ინფექციებს - ჩემთან ხვდებიან პაციენტები, რომლებსაც კბენის ადგილზე შეჭრილი აქვთ ბაქტერიული ინფექციები.

ადამიანები, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ჯერ კიდევ იყენებენ წურბელებით მკურნალობას. მე, როგორც ექიმი ვხედავ, რომ სერიოზული კვლევები წურბლებთან დაკავშირებით, მით უმეტეს მათ გვერდით მოვლენებსა და სამომავლო პრობლემებზე, არ არსებობს. კომენტარიც კი ძნელია, მეცნიერება არ აღიარებს და კვლევებიც არ არის.

ოპონენტები ვითომ ფსევდომეცნიერულ არგუმენტებს იშველიებენ, მაგრამ ლიტერატურა, რასაც ისინი იშველიებენ, არ არის ნამდვილ მეცნიერებაზე სანდო.

ამბობენ, კოსმეტიკაშიც იყენებენ, უცხოეთშიც გამოიყენება…. ეს არ არის არგუმენტი.

კონკრეტულმა პაციენტებმა, რომლებმაც მომმართეს, იყო კანის ჩირქოვანი ინფექცია, ერთ-ერთი იყო თავის არეში და შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია ჩაუტარდათ“, - აღნიშნა ინფექციონისტმა “ინტერპრესნიუსთან“.

← მთავარი