წულუკიანი პარლამენტიდან: ბრალდებულ პოლიციელებს ვუსაყვედურებ — ამათ მიეცით სალაპარაკო
პარლამენტის ვიცესპიკერი თეა წულუკიანი პარლამენტის ტრიბუნიდან გორის ინციდენტს გამოეხმაურა და ბრალდებული 6 პოლიციელი გააკრიტიკა. „იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო. ყველა პოლიციელს ვთხოვ — ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს,” — განაცხადა მან.
ამავდროულად, წულუკიანი სხვა პოლიციელებს, მათ შორის გორის პოლიციის თანამშრომლებს, მხარს უჭერს. „99 პროცენტი კანონის დაცვით გვიცავს და გვაძლევს ამ ქვეყანაში დაცულობის განცდას. მინდა, ვუსურვო მათ წარმატება და სიფრთხილე, რადგან მტრები მეტია, ვიდრე შეიძლება გვეგონა,” — განაცხადა ვიცესპიკერმა.
წულუკიანის თქმით, გუშინდელი „დაფდაფები”, ანუ ბრალდებული პოლიციელების დაკავებაზე ნაჩვენები სიხარული, „საზარელი სანახავი” იყო. „10 ადამიანიდან 6 დაკავებულია — სავარაუდოდ ის ექვსი, ვინც ვიდეოს მიხედვით ძალადობდა. თუ სხვებიც გამოიკვეთება, ალბათ ისიც მოხდება, რაც მოხდება,” — დასძინა მან.
შეგახსენებთ, 27 მაისს „ქართლის ამბებმა” გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობდა 10-ზე მეტი სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცზე. პროკურატურამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით დაიწყო; 6 პოლიციელი დაკავდა.