„ცენზურის მექანიზმი” — უფლებადამცველები შსს-ში ახალ „კომუნიკაციის მონიტორინგის” სამმართველოს ასე შეაფასებენ
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ 18 მაისს გამოაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროში „კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგის” ახალი სამმართველოს შექმნა. მისი განმარტებით, ინიციატივა „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის” წინააღმდეგ მიმართული რეფორმაა და „გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს.”
„ბალანსი, რომელიც დემოკრატიასთან შეუთავსებელია”
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (GYLA) თავმჯდომარე თამარ ონიანი დაბეჯითებულია: „ეს ერთგვარი ცენზურის მექანიზმია და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან.”
ონიანი განმარტავს, რომ საკანონმდებლო საფუძველი — ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173(16) მუხლი — 2025 წლის 6 თებერვალს უკვე შეიქმნა. ამ მუხლის საფუძველზე „საჯარო პირების შეურაცხყოფის” მოტივით სასამართლოებმა გასული წლის განმავლობაში მრავალი მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები და აქტივისტები, დააჯარიმეს სოციალური ქსელის პოსტებისთვის.
ეუთო/ოდირმა ამ კანონს „თვითნებური განმარტების საშუალება” შეუფასა; სტრასბურგის სასამართლოს პოზიციაც ნათელია: „საჯარო პირებს კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით დიდი ვალდებულება აქვთ.”
„საპოლიციო კონტროლის შეუზღუდავი გაძლიერება”
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი თამთა მიქელაძე კითხვას სვამს: „სხვა ტიპის გამოხატვასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში კრიმინალიზებული არ არის, პოლიციამ რა უნდა გააკეთოს დამონიტორინგებული ინციდენტებით?” მისი შეფასებით, „პოლიციის უფლებამოსილების ამ ხარისხით გაფართოება საპოლიციო მმართველობის შეუზღუდავი გაძლიერებაა.”
მიქელაძე ამბობს, რომ სიძულვილის ენის მონიტორინგი, ზოგადად, ლეგიტიმური მიზანია — მაგრამ ეს მანდატი სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს, არა პოლიციას.