სამართალი
„ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით ცაგერის საკრებულოს წევრი დააკავეს
ცაგერის საკრებულოში „ქართული ოცნების“ სატელიტი „ხალხის ძალის“ ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა ლეთოდიანი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
პროკურატურამ მას ბრალი „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა.
ლაშა ლეთოდიანის ადვოკატმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ ის ბრალს არ აღიარებს.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
ლაშა ლეთოდიანი ერთ-ერთია იმ 29 პირს შორის, რომლებიც „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის საქმეზე დააკავეს, კიდევ 3-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. დაკავებების შესახებ შსს-მ 8 ივლისს განაცხადა.