ტრამპმა ზელენსკის ურჩია, რუსეთის მიმართ "უფრო გაბედულად" იმოქმედოს
უკრაინა მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერა მოიპოვა იმ სტრატეგიისთვის, რომლის მიზანიც რუსეთის იძულებაა, დათანხმდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Kyiv Independent ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირად შეხვედრაზე რუსეთის მიმართ “უფრო გაბედულად” მოქმედებისკენ მოუწოდა. “ტრამპი ამბობს, რომ სინამდვილეში არ სჯერა, თითქოს ვლადიმირ პუტინი რაიმეს გააკეთებს ზეწოლის გარეშე”, — განუცხადა გამოცემას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელსაც ტრამპისა და ზელენსკის ბოლო შეხვედრის დეტალებზე აქვს ინფორმაცია. სტატიაში აღნიშნულია, რომ კიევი ცდილობს ზელენსკისა და პუტინის პირისპირ შეხვედრის ორგანიზებას. ამ იდეას ტრამპიც მხარს უჭერს, თუმცა, როგორც იუწყებიან, კრემლი კვლავ თავს არიდებს ასეთ მოლაპარაკებებს. ზელენსკიმ 17 ივნისს ჟურნალისტებთანაც განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრას განიხილავს, თუმცა არა — მოსკოვში. “პუტინთან შესახვედრად მოსკოვში არ ჩავალ. შეგვიძლია შევხვდეთ თურქეთში, შვეიცარიაში ან ახლო აღმოსავლეთში”, — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. The Kyiv Independent-ის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ დაასკვნა, რომ პუტინისთვის გაცილებით რთული იქნებოდა უარის თქმა შეხვედრაზე, თუ ინიციატივა თავად ტრამპისგან წამოვიდოდა. ამ კონტექსტში, 16 ივნისს გამართულ შეხვედრაზე ზელენსკიმ ტრამპს შესთავაზა, აშშ-ში გამართულიყო სამმხრივი სამიტი, რომელშიც თავად ტრამპი, ზელენსკი და პუტინი მიიღებდნენ მონაწილეობას. “ზელენსკიმ ტრამპს შესთავაზა, რომ პუტინი ამერიკაში მოეწვია და ეს იდეალური იქნებოდა. დონალდს ეს იდეა მოეწონა”, —განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა. გამოცემის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მსგავსი წინადადება მართლაც განიხილებოდა, თუმცა აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრა უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის.