„გარდიანი”: „ტრამპ ტაუერი” სანქცირებული ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ მიწაზე შენდება
ბრიტანულ-ამერიკული გამოცემა „გარდიანი” წერს, რომ თბილისში სახელმწიფო სანქციების ქვეშ მყოფი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ მიწაზე „ტრამპ ტაუერი” შენდება.
2024 წლის 27 დეკემბერს, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. „გარდიანი” განმარტავს, რომ სანქციების ფარგლებში, ამერიკელ მოქალაქეებს ეკრძალებათ ავტორიზაციის გარეშე ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესის კეთება, „თუმცა გამონაკლისი ვრცელდება მის მიერ კონტროლირებად ბიზნესებზე.”
„ტრამპ ტაუერ თბილისი” The Trump Organization-ისა და ნიუ-იორკული The Sapir Organization-ის პარტნიორობით შენდება. ქართველ პარტნიორებს შორის: „არქი ჯგუფი”, „ბიოგრაფი ლივინგი”, „ბლოქსი ჯგუფი” და „ფინვესტ ჯორჯია”. „ბიოგრაფი ლივინგი” „ვისოლ ჯგუფის” ნაწილია, რომლის დამფუძნებელია სოსო ფხაკაძე. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ვასილ ფხაკაძე, ასევე ხელმძღვანელობს „ცენტრალ პარკ ავენიუს” — კომპანიას, რომელმაც სამშენებლო მიწა შეიძინა.
სავარაუდო სამშენებლო ადგილი — თბილისის იპოდრომის ტყე — „ცენტრალ პარკ ავენიუმ” 85 მილიონ დოლარად 2023 წელს შეიძინა, კომპანიის დაფუძნებიდან ერთი თვის შემდეგ. 70-სართულიანი ცათამბჯენი „ცენტრალ პარკზე გადმოსახედ” ადგილას ნაგეგმია. The Sapir Organization-ის ხელმძღვანელი ალექს საპირი ამბობს, რომ მისი გვარი ებრაულ-ქართული წარმომავლობისაა — ეს „ტრამპ ტაუერ თბილისი” მისი კომპანიის პირველი საერთაშორისო სახელმწიფო პროექტი იქნება.
რადიო თავისუფლება „ტრამპ ტაუერზე” 20 აპრილს წერდა, „გარდიანი” კი ამ ინფორმაციაზე ახლა ამახვილებს ყურადღებას.