ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო
ნიუ-იორკის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს კოლეგიამ პრეზიდენტ ტრამპის 10%-იანი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო. მოსამართლეთა უმრავლესობამ (2 ხმა 1-ის წინააღმდეგ) დაადგინა, რომ ტრამპმა გადააჭარბა კონგრესის მიერ პრეზიდენტისთვის მინიჭებულ სატარიფო უფლებამოსილებას.
„დაწესებული ტარიფები ბათილია და კანონით არ არის ავტორიზებული”, — ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
სარჩელი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა შეიტანეს. ეს ტარიფები 1974 წლის სავაჭრო აქტის 122-ე მუხლის საფუძველზე დაწესდა — მას შემდეგ, რაც უზენაეს სასამართლომ ამ წლის თებერვალში ტრამპის ორნიშნა ტარიფები გააუქმა. სასამართლოს განმარტებით, სავაჭრო აქტი ამ მასშტაბის ტარიფების დასაწესებლად საკმარის საფუძველს არ იძლევა. კონსტიტუციის თანახმად, ტარიფების დადგენა კონგრესის პრეროგატივაა.
NBC News-ის ინფორმაციით, თეთრი სახლი სავარაუდოდ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, საიდანაც საქმე კვლავ უზენაეს სასამართლოში შეიძლება მოხვდეს.