ტრამპი პეკინში სი ძინპინს შეხვდა — „ფანტასტიური საერთო მომავალი” გამოაცხადეს
14 მაისს პეკინის სახალხო კრების შენობაში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრა, რომელიც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით 13 მაისს ჩავიდა ჩინეთში.
მოლაპარაკების დაწყებამდე ტრამპმა სი ძინპინს მიმართა: „დიდი პატივია, იყო თქვენი მეგობარი. ჩვენ გვექნება ისეთი ურთიერთობა, როგორიც ოდესმე არ ყოფილა, და ფანტასტიური საერთო მომავალი”. სი ძინპინმა განაცხადა, რომ აშშ და ჩინეთი „პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები” — სასარგებლო ორი ქვეყნისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც.
ტრამპთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, ასევე Tesla-სა და Apple-ის ხელმძღვანელები — ილონ მასკი და ტიმ კუკი.
შეხვედრამდე სი ძინპინმა ტრამპი ჩინეთის დედაქალაქში მე-15 საუკუნის ძეგლზე, ცის ტაძარში, წაიყვანა. სახელმწიფო მედიის მიკროფონთან ტრამპმა მოლაპარაკება „შესანიშნავი” მოიხსენია, თუმცა ტაივანზე შეკითხვას პასუხი არ გასცა.
სი ძინპინმა შეხვედრაზე ტაივანის საკითხი დააყენა — მისი განცხადებით, ეს ჩინეთ-აშშ ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა: „თუ ეს საკითხი სათანადოდ მოგვარდება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სტაბილური დარჩება. თუ სათანადოდ ვერ გადაწყდება, ორი ქვეყანა ერთმანეთს დაუპირისპირდება ან კონფლიქტშიც კი შევა.” სი ძინპინმა ასევე განაცხადა, რომ „ტაივანის დამოუკიდებლობა” და სრუტეში მშვიდობა „ერთმანეთთან შეუთავსებელია”.