← მთავარი
საზოგადოება

321 ალმასი, 56 საფირონი, 13 ზურმუხტი და 6 ლალი - ბეჭედი ტრამპისთვის: ვინ აჩუქა პრეზიდენტს ძვირფასი თვლებით მოჭედილი, უძვირფასესი სამკაული?

3 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
321 ალმასი, 56 საფირონი, 13 ზურმუხტი და 6 ლალი - ბეჭედი ტრამპისთვის: ვინ აჩუქა პრეზიდენტს ძვირფასი თვლებით მოჭედილი, უძვირფასესი სამკაული?

აშშ-ის პრეზიდენტებს საკმაოდ ფართო უფლებამოსილება გააჩნიათ, რომელიც მათ როგორც შიდა, ისე უცხოური წყაროებიდან საჩუქრების მიღების საშუალებას აძლევს, უფრო მეტიც, მათ თავადვე შეუძლიათ განსაზღვრონ, საჩუქარი პირადად მათ ეკუთვნით თუ სახელმწიფოს.

მაჯის საათის ზომის ოქროს ბეჭედს, რომელიც ბელგიურმა ალმასების ინდუსტრიულმა ჯგუფმა სპეციალურად დონალდ ტრამპისთვის დაამზადა, საერთო ჯამში, 321 ალმასი, 56 საფირონი, 13 ზურმუხტი და 6 ლალი ამშვენებს, 18-კარატიან ოქროზე კი ფრაზა: ‘250 YEARS USA“ არის ამოტვიფრული, სამკაულის გვერდზე ათეულობით ალმასით ორი გიგანტური ასო T არის გამოყვანილი, ალმასებისგან არის შემდგარი ციფრები 45 და 47 , რომლებიც სუპერმენის ლოგოს ფორმის ჩარჩოშია ჩასმული, ხოლო ალმასისფრთიანი არწივი, რომელსაც ლალის ფარი უჭირავს, ფეხით ზურმუხტის ზეთისხილის ტოტს ეჭიდება. ბეჭდის შიდა მხარეს კი ფრაზა: “დამზადებულია ანტვერპენში დონალდ ჯონ ტრამპისთვის“ არის ამოტვიფრული.

ბელგიელებმა სამკაული მნიშვნელოვანი სატარიფო შეღავათების მიღების შემდეგ , მადლობის ნიშნად დაამზადეს და ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის მისართმევად, ამ კვირაში ბელგიაში აშშ-ის ელჩს, ბილ უაითს გადასცეს. ანტვერპენის ალმასების მსოფლიო ცენტრის (AWDC) პრეზიდენტის, იზიდორ მორსელის თქმით “ბეჭედი იმის მუდმივი შეხსენებას წარმოადგენს, რომ ნამდვილი პარტნიორობა, საუკეთესო ბუნებრივი ალმასების მსგავსად, წნეხის ქვეშ ყალიბდება, უძლებს დროის გამოცდას და ყველაზე კაშკაშა მაშინ ანათებს, როდესაც ნდობაზეა დაფუძნებული“

პრესაში ძვირადღირებულ საჩუქარზე ინფორმაცია პირველად მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბელგიის ალმასების ინდუსტრიამ აშშ-ის მხრიდან ალმასების იმპორტზე ტარიფების გაუქმებას მიაღწია.

ბეჭდის დასამზადებლად AWDC-მ დავიდ გოტლიბს, ანტვერპენელ მაღალი კლასის იუველირს მიმართა, არც AWDC-ს და არც გოტლიბს ბეჭდის ზუსტი ფასი არ დაუსახელებიათ, თუმცა ორმა დამოუკიდებელმა იუველირმა AP-ს განუცხადა, რომ სამკაულის ღირებულება, სავარაუდოდ, 25,000-დან 35,000 დოლარამდე მერყეობს.

აშშ-ს კანონმდებლობა ქვეყნის პრეზიდენტებს შიდა და უცხოური წყაროებიდან საჩუქრების მიღებაში სრულ თავისუფლებას ანიჭებს. გამონაკლისს წარმოადგენს უცხოური მთავრობებისგან მიღებული საჩუქრები , რომელთა მიღება კონგრესის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თუმცა ამავდროულად პრეზიდენტებს შეუძლიათ პირადი სახსრები გამოიყენონ, რათა ხაზინას ოფიციალური საჩუქრის სრული ღირებულება აუნაზღაურონ, თუკი მისი თავისთვის დატოვება სურთ. პირადი საჩუქრები ასევე პრეზიდენტის ყოველწლიურ ფინანსურ დეკლარაციაში უნდა აისახოს.

ამ კვირაში გამოქვეყნებული ტრამპის 2025 წლის დეკლარაცია აჩვენებს, რომ მას 250 000 დოლარად შეფასებული ქანდაკებაც აქვს მიღებული, რომელიც ბატლერში (პენსილვანია) 2024 წლის წინასაარჩევნო მიტინგზე მკვლელობის მცდელობის გადატანის შემდეგ, მის ტრიუმფალურ ჟესტს ასახავს, ასევე დეკლარირებულია სპორტულ ღონისძიებებზე დასასწრები 10 ბილეთი, მათ შორის FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსგან მიღებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბილეთები, რომელთა საერთო ღირებულება 15 000 დოლარია.

აშშ-ის ეთიკის ექსპერტების ნაწილმა “Associated Press“ -სთან საუბარში განაცხადა, რომ ტრამპმა დაარღვია თეთრი სახლის ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიცია, რომელიც მსგავსი საჩუქრების მიღებისგან თავის არიდებას გულისხმობს.

← მთავარი