← მთავარი
მსოფლიო

რატომ ცლიან ვაშინგტონის მონუმენტთან აუზს? — ტრამპი ვანდალებს ემუქრება

23 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
რატომ ცლიან ვაშინგტონის მონუმენტთან აუზს? — ტრამპი ვანდალებს ემუქრება

“ამრეკლავი აუზი” (Reflecting Pool — ლინკოლნის მემორიალიდან ვაშინგტონის მონუმენტამდე გადაჭიმული აუზი), რომელიც ვაშინგტონის სიმბოლოა, სკანდალში გაეხვა. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრაპის თქმით, ის უნდა დაცალონ. მრავალმილიონიანი რეაბილიტაციიდან რამდენიმე კვირაში წყალმცენარეების გაჩენასა და საღებავის ფენის აცლაში ვანდალები დაადანაშაულა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

Reflecting Pool

ფოტო: ABC news

ტრამპმა განაცხადა, რომ აუზს “300 ფუტის (დაახლოებით 90 მეტრი) სიგრძის ნაჭდევი გაუჩინეს”. ტრამპმა “ვანდალები” წყალში სასუქის ჩაყრაშიც დაადანაშაულა. “მე ვერაფერს ვიზამ, თუ ვინმე შიგნით დანით შევა და მის ჩეხვას დაიწყებს,” — თქვა პრეზიდენტმა, რომელმაც აუზის რეაბილიტაცია დაახლოებით 16 მილიონ დოლარად შეაფასა. აშშ-ის პარკების პოლიციის ცნობით, “ამრეკლავი აუზის” დაზიანებასთან დაკავშირებით ხუთი ადამიანია დაკავებული, კიდევ ხუთს კი ფედერალური სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს. Reuters-ის თანახმად, კოლუმბიის ოლქის წყალმომარაგების სამსახურმა (DC Water) ორშაბათს განაცხადა, რომ აუზის დასაცლელად ნებართვა გასცა. სარემონტო კომპანიის თქმით, კონსტრუქციას საგარანტიო მომსახურების ფარგლებში შეაკეთებს. ეს ღირსშესანიშნაობა ბოლოს სრულად მიმდინარე წლის აპრილში, ტრამპის მიერ შემოთავაზებული რეაბილიტაციისას დაცალეს, ხოლო ივნისის დასაწყისში კვლავ შეავსეს. BBC წერს, რომ “ამრეკლავი აუზი”, რომელიც 1920-იან წლებში აშენდა და ლინკოლნის მემორიალსა და ვაშინგტონის მონუმენტს შორის 619 მეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული, დიდი ხანია ჟონავს, ზიანდება კონსტრუქცია, აქვს გაუმართავი მილები, იზრდება წყალმცენარეები და ბინძურდება ფრინველების ექსკრემენტებისგან. განახლების მიუხედავად, იმ მუქ ლურჯ საღებავს, რომელიც ტრამპმა ფსკერზე დაამატებინა, ხარვეზები გაუჩნდა.

ლინკოლნის მემორიალის Reflecting Pool-ში ლურჯი საღებავის ნატეხი წყალმცენარეებს შორის ტივტივებს (2026 წელი 21 ივნისი).

ფოტო: AP Photo/Jon Elswic

ბოლო დღეებში, ეროვნული პარკების სამსახურის თანამშრომლებმა წყალში წყალბადის ზეჟანგი ჩაასხეს წყალმცენარეების მოსაშორებლად, თუმცა საღებავის ნაწილები ახლა ძვრება, ზედაპირზე ტივტივებს და ვიზიტორებს ისინი წყლიდან ხელით ამოაქვთ. ორშაბათს ტრამპმა გაიმეორა კოლუმბიის ოლქის ფედერალური პროკურორის, ჯანინ პირუს მუქარა, რომელმაც თქვა, რომ მკაცრად დასჯიდა ყველას, ვისაც აუზის დაზიანებაში ამხელდნენ. “გთხოვთ გახსოვდეთ, რომ მსგავსი ობიექტების განადგურებისთვის, ან თუნდაც განადგურების მცდელობისთვის, გათვალისწინებულია 10 წლით თავისუფლების აღკვეთა — რაც სრულად იქნება აღსრულებული!” — დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. ამავდროულად, ტრამპი ABC News-ს სასამართლოში ჩივილით ემუქრება აუზის შესახებ მომზადებული რეპორტაჟის გამო. “ABC-მ ვერ ახსენა, რომ მათმა ახლო “მეგობრებმა”, დუმოკრატებმა (სიტყვების თამაში: Democrats / Dumocrats — სულელი დემოკრატები) ობამამ და ბაიდენმა 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს Reflecting Pool-ზე და მან მაინც არასდროს იმუშავა. მე დაახლოებით 16 მილიონი დოლარი დავხარჯე და ყველაფერი შესანიშნავად გამოვიდა, ვანდალიზმის გარდა, რომელსაც ახლა გამოვასწორებთ…,” — დაწერა ტრამპმა.

← მთავარი