ტრამპს სურს იერუსალიმის პატრიარქი შუამავლად ჩართოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში — Ynet
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამის ჩართვას შუამავლად რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში. ამ ცნობას ავრცელებს ისრაელში გამომავალი Ynet, თეთრ სახლსა და პატრიარქს შორის გამართული შეხვედრის შინაარსის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით.
Ynet-ის ინფორმაციით, შეხვედრა 4 ივნისს, თეთრ სახლში შედგა და დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა. საუბარში განიხილეს მოსკოვსა და კიევს შორის კომუნიკაციის დამატებითი არხის შექმნის შესაძლებლობა. წყაროები ამბობენ, რომ ტრამპი თეოფილე მესამის კანდიდატურის შუამავლის როლში განხილვაზე დათანხმდა.
Ynet-ის ცნობით, ივნისის ბოლოს პატრიარქი, სავარაუდოდ, შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. წყაროები პატრიარქის მთავარ უპირატესობად მიიჩნევენ მის სტატუსს — „აპოლიტიკური ფიგურა, რომელიც სარგებლობს რელიგიური და მორალური ნდობით”.
იერუსალიმის საპატრიარქოს განცხადებით, თეოფილე მესამე პირველ რიგში აღიქმება მშვიდობის მომქმედ ფიგურად და არა პოლიტიკურ მოღვაწედ. პატრიარქის შუამავლობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ — არც აშშ-ს, არც რუსეთს, არც უკრაინას.
თეოფილე მესამე იერუსალიმის მართლმადიდებელ ეკლესიას 2005 წლიდან ხელმძღვანელობს. 2013 წელს სოჭში, 2019 წელს კი კრემლში შეხვდა პუტინს. 2025 წლის ნოემბერში პუტინმა პატრიარქს „მეგობრობის ორდენი” გადასცა — „მეგობრობისა და სულიერი კავშირების განმტკიცებაში დიდი წვლილისთვის”. 2024 წელს თეოფილე მესამემ გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირის მქონე ეკლესიის მიმართ.