← მთავარი
მსოფლიო

Politico: ტრამპი მზადაა რუსეთზე ზეწოლა გაზარდოს ჰორმუზის საკითხში EU-ს დახმარების სანაცვლოდ

17 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
Politico: ტრამპი მზადაა რუსეთზე ზეწოლა გაზარდოს ჰორმუზის საკითხში EU-ს დახმარების სანაცვლოდ

გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთში გამართულ “დიდი შვიდეულის” (G7) სამიტზე გამოთქვა მზაობა, გაზარდოს ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ომის დასასრულებლად, სანაცვლოდ კი ევროკავშირისგან ჰორმუზის სრუტის საკითხში მხარდაჭერას მოითხოვს.

“ის დისკუსიები, რომელიც ჩვენ შორის და აშშ-ს პრეზიდენტთან გვქონდა - როგორც ოფიციალურ შეხვედრებზე, ასევე არაფორმალურ შეხვედრებზე - გარკვეულ ოპტიმიზმს მაძლევს,”- განუცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ჟურნალისტებს 16 მაისს.

როგორც Politico წერს, 5-მა დიპლომატმა და მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბრისას მერცის მსგავსი ოპტიმიზმი გამოთქვეს.

გამოცემის ინფორმაციით, აქამდე ტრამპმა შფოთვის ტალღა გამოიწვია იმის მტკიცებით, რომ აშშ-სა და ირანს შორის დადებული შეთანხმება მას საშუალებას მისცემდა, ყურადღება რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე გადაეტანა.

ამან შეშფოთება გამოიწვია, რადგან აშშ-ს პრეზიდენტს შეეძლო უკრაინის მოკავშირეების მიერ რუსეთზე ზეწოლის გაზრდის რამდენიმეთვიანი მცდელობების შეჩერება, კიდევ უფრო გაამწვავა ირანის ომის გამო არსებული უთანხმოება - რომელიც ფართოდ გააკრიტიკეს ევროკავშირის ლიდერებმა.

ორი მაღალი რანგის დიპლომატის თქმით, ტრამპმა მოუწოდა G7-ის კოლეგებს, გამოეხატათ მხარდაჭერა ირანთან დაკავშირებული შეთანხმების მიმართ და შესთავაზონ დახმარება ჰორმუზის სრუტის განაღმვა, სანამ ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ჟენევაში ჩავა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასასრულებლად.

Politico-ს თქმით, ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ევროპის დახმარების მნიშვნელობა დააკნინა.

“არა მგონია, დიდი დახმარება დაგვჭირდეს,” - განაცხადა მან 15 ივნისს.

თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ის დახურულ კარს მიღმა უფრო შემრიგებლური იყო და ირანთან შეთანხმებისთვის როგორც სიტყვიერი, ასევე მატერიალური მხარდაჭერას ითხოვდა.

“მას [ტრამპს] დასჭირდება დიდი შვიდეულის და სხვების მოკავშირეების შესაძლებლობები […] ჰორმუზის ნაღმებისგან გასაწმენდად,” - თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

ამის სანაცვლოდ, “უკრაინას გარკვეული დათმობაზე უნდა წავიდეს,” - აღნიშნა დიპლომატმა.

“არსებობს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ის დადგება უკრაინის გვერდით. ეს არის ის, რაც მან უთხრა ლიდერებს.”

Politico-ს ინფორმაციით, საპასუხოდ, დიდი შვიდეულის ლიდერებმა მიანიშნეს, რომ მზად იყვნენ დახმარებისთვის, თუმცა, გარკვეულ პირობებში.

გამოცემის ცნობით, მაკრონმა განაცხადა, რომ ნაღმების გამწმენდი გემების განლაგება “უნდა მოითხოვონ და მოისურვონ შეერთებულმა შტატებმა, შემდეგ კი ირანმა და ომანმა, რომლებიც შეთანხმებაში ჩართულნი არიან.”

← მთავარი