← მთავარი
სამართალი

ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?

3 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა ორი კვირის წინ, 22 ივნისს მოხდა, სოციალურ ქსელში უბედური შემთხვევის ამსახველი კადრები 1-ელ ივლისს გავრცელდა. დაშავებული ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ვიდეოში ჩანს, როგორ ეჯახება ჯიპი ტროტუარზე გამვლელ ქალს და იქვე მდგარ მეორე მანქანას ანარცხებს. მძღოლი ქალია, რომელიც მანქანის შეჯახების შემდეგ მანქანიდან გადმოდის და დაშავებულ ქალს ტელეფონით ფოტოს/ვიდეოს უღებს.

“რადიო თავისუფლებას” ცნობით, ჯიპის მძღოლი ადგილზე დააკავეს. ის 50 წლის ქალია და რუსეთის მოქალაქეა.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაღუპული ქალი ვეტერანი გვარდიელი, სერჟანტი მიმი კაზალიკაშვილია. ამის შესახებ თავდაცვის ძალების თანამშრომელი, კობა გზირიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩვენო ძველო გვარდიელებო წეღან გავიგე “ნახალოვკაში” უცხოელმა ქალმა ტროტუარზე რომ გოგო მიაჭყლიტა, ჩვენი ძველი გვარდიელი, ყოფილი სერჟანტი მიმი კაზალიკაშვილი, ჩვენი მოხევე. ძალიან დამენანა კარგი გოგო იყო ნათელში ამყოფოს უფალმა იმქვეყნად,” — წერს ის.

NEWS.On.ge-ს მომხდართან დაკავშირებით შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

← მთავარი