ტრამპი ზელენსკის შეხვდება ნატოს სამიტის ფარგლებში
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვირაში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
პრეზიდენტების შეხვედრა ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართება. სამიტს 7-8 ივლისს უმასპინძლებს თურქეთის დედაქალაქი ანკარა.
ვაშინგტონში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა 8 ივლისს გაიმართება.
4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრები ჰქონდა უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინთან.
ტრამპთან საუბრის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ განიხილეს მიმდინარე სიტუაცია ფრონტზე და დიპლომატიაში.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ომის დასრულების რეალური პერსპექტივა არსებობს და გადამწყვეტი მნიშვნელობა ამერიკის სიმტკიცეს ექნება. ზელენსკის ინფორმაციით, შეთანხმდნენ, რომ საუბარს ანკარაში, ნატოს სამიტის დროს გააგრძელებენ.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი მოსკოვში 5 ივლისს გამართულ ბრიფინგზე აცხადებდა, რომ ამერიკული მხარის ინიციატივით შემდგარი სატელეფონო საუბრისას პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ კიევს და მის „ევროპელ სპონსორებს“ კონფლიქტის გაჭიანურება და ესკალაცია სურთ და მათი ამოსავალია „მცდარი წარმოდგენა“ ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ.
უშაკოვის ცნობითვე, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია ნებისმიერ შემთხვევაში აიღებს დონბასის ყველა რაიონს.
უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, აშშ-ის ინიციატივით 2026 წლის იანვარში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები.
იანვარსა და თებერვალში გაიმართა სამი რაუნდი. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
მოლაპარაკებების პროცესი თებერვლის ბოლოდან შეჩერდა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.