← მთავარი
სპორტი

ტრამპმა FIFA-ს მადლობა გადაუხადა მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრების მოთამაშის დისკვალიფიკაციის გაუქმების გამო

5 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ტრამპმა FIFA-ს მადლობა გადაუხადა მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრების მოთამაშის დისკვალიფიკაციის გაუქმების გამო

დისკვალიფიკაციის გაუქმებამ თავდამსხმელს გზა გაუხსნა, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე - მერვედფინალში ბელგიასთან ითამაშოს. წესით, ბალოგანს 6 ივლისს, ეს თამაში უნდა გამოეტოვებინა.

მან “წითელი ბარათი” მიიღო ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩში იმისთვის, რომ ფეხზე დააბიჯა მცველ ტარიკ მუჰარემოვიჩს.

ამ თამაშში ამერიკელმა ფეხბურთელებმა აჯობეს ბოსნიელებს და მოიგეს ანგარიშით 2:0.

FIFA-მ 5 ივლისს განაცხადა, რომ დისკვალიფიკაცია შეიცვალა ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.

„მადლობა FIFA-ს სწორი მოქმედებისთვის და დიდი უსამართლობის გამოსწორებისთვის“ - დაწერა ტრამპმა თავის Truth Social-ის პლატფორმაზე.

New York Times-ი იტყობინება, რომ ტრამპმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს დაურეკა და სთხოვა, გადაეხედა თავდამსხმელის დისკვალიფიკაცისთვის. გამოცემა იმოწმებს საკითხში ჩახედულ სამ პირს, მაგრამ მათ ვინაობას არ ამხელს.

ბალოგანმა ტურნირზე აშშ-ის ნაკრების წარმატებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, სხვათა შორის, პირველი გოლი ბოსნიასთან მატჩში მის ანგარიშზეა, და ბელგიის წინააღმდეგ თამაშისას მისი არყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდა.

FIFA-ს განცხადებაში ნათქვამია: „FIFA-ს დისციპლინური კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად, მატჩში დისკვალიფიკაცია შეიცვალა ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.“

წითელი ბარათის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ წითელი ბარათის ჩვენების გადასინჯვა მოითხოვა.

← მთავარი