ტრამპის თქმით, აშშ უკრაინას მისცემს ლიცენზიას Patriot-ის რაკეტების საწარმოებლად
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ანკარაში, ნატოს სამიტზე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. შეხვედრის მსვლელობისას ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვაშინგტონი მზადაა, უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზია მიანიჭოს. ტრამპმა უპასუხა რადიო თავისუფლების კორესპონდენტის კითხვას, როგორია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მისეული ხედვა. ტრამპის თქმით, ვლადიმირ პუტინსაც სურს ომის დასრულება და უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთან მოსკოვში შეხვედრის სურვილი გამოთქვა და ზელენსკის ჰკითხა, წავა თუ არა ის მოსკოვში. „ეს საშიშია, იქ ძალიან ბევრი უკრაინული დრონია“, უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა. ტრამპი დაეთანხმა, რომ მოსკოვში ვიზიტი რთული იქნებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დაეთანხმა იმ აზრს, რომ უკრაინის სამხედროების მიერ რუსეთის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ, შორი დისტანციის დარტყმები ომის დასრულებას დააჩქარებს.
„ეს ესკალაციაა, მაგრამ მას შეუძლია დახმარება გასწიოს და გამოიწვიოს [უკრაინაში ომის] დასრულება“, განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომელსაც აზრი ჰკითხეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმების შესახებ.
მსგავსი აზრი გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. ტრამპმა ასევე თქვა, რომ მას სჯერა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების პირობები შეიძლება უკრაინისთვის უკეთესობისკენ შეიცვალოს.
ანკარაში ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების მიწოდება პარტნიორებთან განხილვის მთავარი თემა იქნება და აღნიშნა, რომ მარტო შეერთებული შტატები არ ფლობს ამ რაკეტებს. ნიდერლანდმა, გერმანიამ, ფინეთმა, შვედეთმა, ლიეტუვამ, ესტონეთმა, ლატვიამ, დანიამ და პოლონეთმა მიმართეს ევროკომისიას, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 2026-2027 წლებში გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს „თავდაცვითი“ ნაწილის ფარგლებში სასწრაფოდ დაამტკიცოს რაკეტების შეძენა ამერიკული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
„პატარა ჩიტუნამ მითხრა, რომ უკრაინა შეძლებს ლიცენზიის მიღებას“, თქვა ტრამპმა საჰაერო თავდაცვის რაკეტებზე საუბრისას.
„ეს კაცი [ზელენსკი] აღარ წუწუნებს, რომ ჩვენ [აშშ] მათ [ამ რაკეტების] საკმარის რაოდენობას არ ვაძლევთ. თავად აწარმოეთ ისინი!“ დასძინა ტრამპმა.