← მთავარი
მსოფლიო

ტრამპი თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, ხოლო F-35-ების მიყიდვას განიხილავს

7 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ტრამპი თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, ხოლო F-35-ების მიყიდვას განიხილავს

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოხსნის და ასევე ანკარისთვის F-35-ის გამანადგურებლების შესაძლო მიყიდვას განიხილავს. ამის შესახებ მან 7 ივლისს, NATO-ს სამიტის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვას სანქციების შესახებ, რომლებიც თურქეთს აშშ-ს კანონ CAATSA-ს (სანქციების აქტით აშშ-ს მოწინააღმდეგეების შეზღუდვა) ფარგლებში დაუწესდა, ტრამპმა შემდეგი პასუხი გასცა:”ჩვენ სანქციებს მოვხსნით”.

ნობისთვის, CAATSA (Countering America’s Adversaries Through Sanctions Act) ამერიკული კანონია, რომელიც მიღებულ იქნა 2017 წელს და მიზნად ისახავს იმ ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებას, რომლებიც თანამშრომლობენ აშშ-ს მოწინააღმდეგე ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან.

თურქეთს CAATSA სანქციები პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2020 წლის დეკემბერში დაუწესა მას შემდეგ, რაც ანკარამ რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემა შეიძინა.

ამავე მიზეზით გაირიცხა თურქეთი აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილი F-35 Joint Strike Fighter პროგრამიდან 2019 წელს. F-35 Joint Strike Fighter მეხუთე თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავია. თურქეთი, აშშ-ს სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, პროგრამაში 1999 წლიდან იღებდა მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში თურქეთი აღნიშნული ტიპის ავიაგამანადგურებლის 950-ზე მეტ კომპონენტს ამზადებდა, რის შემდეგაც მათ შეისყიდდა.

თურქეთის მიერ რუსული S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის შემდეგ აშშ-მ და NATO-მ განაცხადეს, რომ S-400 შეუთავსებელი იყო NATO-ს სისტემებთან და ქმნიდა უსაფრთხოების რისკს, რუსეთთან F-35-ის ტექნოლოგიური მონაცემები გაზიარებულიყო.

თურქეთი F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პროგრამიდან გამოთიშვას უსამართლოდ მიიჩნევს და დიდი ხანია ან პროგრამაში ხელახლა გაწევრიანებას, ან მასში ჩადებული საკუთარი წილი ინვესტიციის - $1.3 მილიარდის - კომპენსაციას მოითხოვს.

← მთავარი