"ტორპედოს" მწვრთნელი: სიურპრიზი მოვამზადეთ, მაგრამ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, სტუმრად „ზირასთან“ 0:3 დამარცხების შემდეგ, „ტორპედოს“მწვრთნელმა დირკ შუსტერმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განადგურება მეტოქის მაღალ კლასს დააბრალა.
- თქვენ თამაშის წინ სიურპრიზს დაგვპირდით. არ გამოვიდა?
-
სიურპრიზი მოვამზადეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშეთ. ჩვენი თამაშის ჩვენება ვერ მოვახერხეთ. „ზირას“ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. 30-ე წუთის მერე მთელი კონცენტრაცია დავკარგეთ, მეტოქე კი უპირატესობას ფლობდა. ერთი გოლის გაშვებას ველოდით, მაგრამ ფავორიტმა უკეთ ითამაშა და გაიმარჯვა. ტაქტიკურად მასპინძლები უკეთესები იყვნენ. ჩვენი ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად გატყდნენ, რაღაცის შეცვლას ცდილობდნენ, თუმცა ვერ შეძლეს.
- საქართველოში ჩემპიონატი გრძელდება, მაგრამ ფუნქციონალურად ჩვენი გუნდი უკეთესი იყო. ამას როგორ ახსნით?
-
ბოლომდე ვითამაშეთ. ვბრძოლობდით, გვინდოდა გაგვეტანა, მაგრამ არ გამოგვივიდა. 0:3-ის შემდეგ მატჩის შემოტრიალება ვერ მოვახერხეთ. ჩემი ფეხბურთელები დაღლილები იყვნენ.
- საპასუხო შეხვედრაში როგორი მოლოდინი გაქვთ?
-
ერთი კვირის შემდეგ სხვა თამაშის ჩვენებას ვეცდებით. 0:3-ის მერე რთული იქნება, მაგრამ მატჩის თუნდაც დამატებით დროში გადაყვანას ვეცდებით. ფეხბურთში უფრო დიდი ანგარიშით წაგებული მატჩებიც შემოუტრიალებიათ.
- თამაშის შემდეგ გულშემატკივრები თქვენი გუნდის მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ. ამაზე რას იტყვით?
- ეს ნორმალურია. ისინი იმედგაცრუებულნი არიან, მაგრამ ტრიბუნებზე ასე მოქცევა მაინც არ შეიძლება. 0:1 რომ წაგვეგო, ასეთი რეაქცია არ იქნებოდა.
მომზადებულია Azerisport-ის მიხედვით