„მე სასტიკად არ მიყვარს უცენზუროდ გამოხატული საჯარო კრიტიკა — ეს არასოდეს გამიკეთებია. მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, ცენზურაა. მეტი არაფერი.” — ამ სიტყვებით გამოეხმაურა ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის” დამფუძნებელი ლონდა თოლორაია შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი კომუნიკაციის მონიტორინგის ახალი სამმართველოს შექმნის გეგმას.
თოლორაია წერს, რომ 2018 წელს სწორედ მან შექმნა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი — მოწყვლადი ჯგუფების: ქალების, ბავშვებისა და უმცირესობების დასაცავად. დღეს, მისი შეფასებით, ეს სტრუქტურა „კრიტიკისაგან ხელისუფლების დაცვის დანაყოფად” გადაიქცა.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბოლოს ასე მოხდებოდა. გთხოვთ, მონიტორინგი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განსხვავებული აზრის წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული ენით დაიწყოთ”, — წერს ის.
ახალი სამმართველოს შექმნა 18 მაისს გამოაცხადა სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ. მისი განმარტებით, ახალი სტრუქტურა „საჯარო სივრცეში სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციას” — ყველა ტიპის საჯარო კომუნიკაციას — გაუწევს მონიტორინგს და სამართლებრივ რეაგირებას.