← მთავარი
მსოფლიო

ყაზახეთის ახალი კონსტიტუციით თოყაევს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კვლავ შეეძლება

7 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ყაზახეთის ახალი კონსტიტუციით თოყაევს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კვლავ შეეძლება

ყაზახეთის ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება კვლავ შეეძლება - ამის შესახებ ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაშია ნათქვამი.

ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიმართვას უპასუხა, რომლითაც იგი ახალი კონსტიტუციის რამდენიმე დებულების ოფიციალურ განმარტებას ითხოვდა. ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია 2026 წლის მარტში მიიღეს და ის ძალაში 1 ივლისს შევიდა.

ახალი რედაქციის თანახმად, პრეზიდენტი შვიდი წლის ვადით აირჩევა და ერთი და იგივე პირი ამ თანამდებობაზე ორჯერ აირჩევა.

თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ამ წესის გამოყენებისას 1995 წლის კონსტიტუციის საფუძველზე პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის წინა ვადები, არჩევა ან დანიშვნა არ ჩაითვლება. შესაბამისად, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ პრეზიდენტად არჩევა ან დანიშვნა პირველ ვადად მიიჩნევა.

ყაზახეთის ახალი კონსტიტუცია სახელმწიფო მმართველობის სისტემაში ფართომასშტაბიან ცვლილებებს ითვალისწინებს, მათ შორის, პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაძლიერებას, ვიცეპრეზიდენტის თანამდებობისა და ერთპალატიანი პარლამენტის (ყურუთაის) შექმნას - აქამდე 1995 წლის კონსტიტუციით ქვეყანაში ორპალატიანი პარლამენტი ფუნქციონირებდა.

ცნობისთვის, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლის მარტიდან იკავებს. ის ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის, მემკვიდრე გახდა, რომელიც სახელმწიფოს 1990 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა.

← მთავარი