სტრასბურგის სასამართლომ TikTok-ვიდეოს საქმეზე გამოხატვის თავისუფლების დარღვევა არ დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქართველი აქტივისტის ირაკლი მილაძის საქმეზე გამოხატვის თავისუფლების დარღვევა არ დაადგინა. მილაძე 2023 წელს TikTok-ზე ატვირთული ვიდეოს გამო დაჯარიმდა, სადაც მან საჯარო მოხელეების მიმართ უცენზურო ლექსიკა გამოიყენა.
19 მაისის გადაწყვეტილებაში სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი — გამოხატვის თავისუფლება — საქართველოს მხრიდან დარღვეული არ ყოფილა. სასამართლომ შეაფასა, რომ საქართველომ, როგორც მოპასუხე სახელმწიფომ, წარმოადგინა „შესაბამისი და საკმარისი” მიზეზები ჩარევისთვის და რომ თვით ჩარევა „აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში”.
მილაძის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავდა. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „მკაფიოდ განსაზღვრავს სახელმძღვანელო სტანდარტს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისუფალი აზრის კოორდინირებული დევნის საშუალებას არ აძლევს”.