"რად უნდა ჩემს შვილებს ჩემი რჩევა, როცა ეგეთი მამა ჰყავთ. რა მამა ავურჩიე ჩემს შვილებს, ხომ ხედავთ?.." - თიკა ფაცაციამ მეუღლეზე საჯაროდ პირველად ილაპარაკა
ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია “გვანცას პოდკასტს“ სტუმრობდა, რომელშიც საკუთარ პირად ცხოვრებაზე, მეუღლესა და 25-წლიან მყარ ქორწინებაზე უჩვეულოდ გულახდილად ისაუბრა.
თიკამ და ბიზნესმენმა დავით ანთელიძემ მაშინ იქორწინეს, როდესაც თიკა 17 წლის იყო. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მათი კავშირი საკმაოდ მტკიცე აღმოჩნდა და წყვილი დღეს უკვე სამ ვაჟს ზრდის. დავით ანთელიძე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას ყოველთვის ერიდება, თავს არიდებს კამერებს და არც თიკა საუბრობს ხშირად მასზე საჯაროდ. მათი სიყვარულის ისტორია წლების წინ დაიწყო, როდესაც ამერიკაში მცხოვრებმა დავითმა თიკა ტელევიზორში ნახა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი პირადად გაიცნო.
პოდკასტში თიკამ გაიხსენა ის თვისებები, რის გამოც მეუღლე მისი ცხოვრების მთავარი საყრდენია:
“მე მაქვს ჩაბარებული ჩემი შვილების ემოციური მხარე, რა შეიძლება უჭირდეთ ან ულხინდეთ… უკვე რაღაც ისეთი გადაწყვეტილებები ძალიან კონკრეტული, მრჩეველი მამა ჰყავს ჩემს შვილებს. ჩემი მეუღლის რჩევებით მეც კი ძალიან ბევრი სიკეთე მიმიღია.
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვითარდებოდა მოვლენები. მეცვა დიდი თეთრი კაბა იატაკამდე, არის თინაობა, 12 იანვარია და რაღაც სატელევიზიო ეთერი მიმყავს, ჩვეულებრივ როგორც ხდება, დიდი ენერგიით და მიჭირავს მთელი ეთერი და დარბაზი. საკმაოდ გრძელი ეთერი იყო, საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. 10-ზე რომ დაიწყო, სადღაც პირველი იყო, რომ დასრულდა. როგორც წესი, მე როცა ვმუშაობ, ჩემ მეუღლესთან არიან ჩემი შვილები.
მოკლედ, დასრულდა ეს ღონისძიება და რომ გამოვედი კულისებში, დამხვდა დათო. დათოს საერთოდ არ უყვარს მე რაღაცებს რომ ვყვები მასზე, კი არა და ფოტოც არ მიჩვენებია არავისთვის. ამ ისტორიით აღვწერ დათოს, როგორც პიროვნებას და როგორც მხარდამჭერს, რომელიც მაძლებინებს იმას, რომ მე ასეთი დაკავებული ვიყო.
ე.ი. გამოვედი და მხვდება დათო და კი გამიკვირდა, - შენ აქ რა გინდა-მეთქი?.. მივხვდი, რომ რაღაც ხდება. მეუბნება, ბავშვს ძაღლმა თავზე უკბინა, საავადმყოფოშია და მოვედი, რომ წაგიყვანოო, საოპერაციოა და ველოდებოდი როდის დაასრულებდი ეთერს, რომ შენც გცოდნოდა ნებართვაც მქონოდაო. საოპერაციო იყო ბავშვი… მე ამ ჩემი თეთრი, გრძელი კაბით ვჯდები მანქანაში, რა თქმა უნდა, გიჟს ვგავარ, ვრეკავ პლასტიკურ ქირურგებთან ღამის 2 საათზე, ვისაც ვიცნობდი, მიშველეთ-მეთქი. მივხვდი, რომ სახესთან და თავთან იყო კავშირში.
დათომ ბავშვი ჩემს მეგობარ ლიკასთან, ნათლიასთან, დატოვა და გამოიქცა. რომ მივედი ბავშვი დაბინტული დამხვდა, ყველა მელოდებოდა, რომ შეეყვანათ ოპერაციაზე. თვითონ ბავშვი მებოდიშებოდა: “დედა, ბოდიში, რომ განერვიულეო“. ექიმებს აინტერესებდათ იყო თუ არა ალერგიული, მაგიტომ მელოდებოდნენ. პირველად უკეთდებოდა ანესთეზია. საკმაოდ ხანგრძლივი და ბევრი ნაკერის დადება დაჭირდა, მაგრამ მე რომ ვყოფილიყავი, პირველივე წამიდან ავაფეთქებდი დათოს. მან კი ვიდრე არ დასრულდა ეთერი, არც კი გამაგებინა, ამას რამხელა ძალა უნდა, რომ ეს შენ თავზე აიღო ამხელა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყო სხვასაც და თან რაღაც უსაფრთხოება შეუქმნა შენს შვილს“.
რად უნდა ჩემს შვილებს ჩემი რჩევა, როცა ეგეთი მამა ჰყავთ. რა მამა ავურჩიე ჩემს შვილებს, ხომ ხედავთ? საკულტო “არ გაჩერდეს“ კლიპის იდეის და, ზოგადად, ფორმატის ავტორი სინამდვილეში დათოა . უბრალოდ, მაშინაც არ უნდოდა ამის აფიშირება და ახლა, რადგან ამდენი მოვყევი, ბარემ ამასაც ვიტყვი…