TI: "ქართული ოცნების" 21-მა დონორმა პარტიას ₾2.7 მლნ შესწირა, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი მილიონობით ლარის სარგებელი მიიღეს
ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” (TI) მმართველი პარტიის შემომწირველებისა და მათთან დაკავშირებული კომპანიების მიერ სახელმწიფო პროგრამებიდან მიღებული სარგებლის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. TI-ის მონაცემებით, კონკრეტული ჯგუფის მიერ გაღებული შემოწირულებების პარალელურად, მათზე მილიონობით ლარის სახელმწიფო კონტრაქტები და სუბსიდიები გაიცა.
TI წერს, რომ შესწავლილი 26 შემომწირველიდან 21 ქართული ოცნების ძველი დონორია, რომლებმაც 2020 წლიდან დღემდე მმართველ გუნდს, ჯამში, 2.7 მილიონი ლარი შესწირეს.
ამავდროულად, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, აღნიშნულ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფოსგან მსხვილი დაფინანსებები და ნებართვები მიიღეს. კერძოდ:
17.7 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები;
1 მლნ ლარის მოცულობის აგროსუბსიდია;
749 ათასი ლარი სახელმწიფო პროგრამიდან “აწარმოვე საქართველოში”;
სამშენებლო ნებართვები ბათუმში 85 000 კვ.მ ფართობზე, მათ შორის ორი ცათამბჯენის მშენებლობისთვის.