TI: „ოცნების” დეპუტატ ჭყონიას კომპანიამ ₾1.3 მლრდ-ზე მეტი ღირებულების ტენდერები ხელოვნური ბარიერით მოიგო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” (TI) ბათუმის მერიის სახელმწიფო შესყიდვებში სისტემური კორუფციის ნიშნებს ავლენს. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 1 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 117 სამშენებლო ტენდერიდან 70 მლნ ლარის ჯამური ღირებულების გარიგებები სამ კომპანიას შორის „30 კმ-ის წესის” — ხელოვნური გეოგრაფიული ბარიერის — გამოყენებით გადანაწილდა.
სამი კომპანიიდან ორი მმართველი პარტიის მხარდამჭერია:
შპს „გზა” — 100%-ით „ქართული ოცნების” დეპუტატ გიორგი ჭყონიას საკუთრება. კომპანიამ 93%-იანი გამარჯვების მაჩვენებლით ჯამში 1.3 მლრდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი მოიგო. კომპანიასთან დაკავშირებულ პირებს მმართველი პარტიისთვის 1 მლნ ლარზე მეტი გადაუხდიათ.
შპს „ბონდი-2009” — 5 ტენდერიდან 2 მოიგო; ჯამური ღირებულება 292 მლნ ლარი. ოთხი თანამფლობელიდან სამს ოცნებისთვის 605 000 ლარი გადაუხდია.
TI-ის ყველაზე მეტყველი მაგალითი: „გზამ” 29.2 მლნ ლარის ტენდერი ერთადერთ პრეტენდენტად მოიგო. ხელშეკრულების გაფორმებამდე 7 დღის განმავლობაში კომპანიასთან კავშირის მქონე პირებმა „ქართულ ოცნებას” 120 000 ლარი შესწირეს — მათ შორის 60 000 ლარი თავად ჭყონიამ.
TI-ის შეფასებით, ეს ფაქტები კარგად ორგანიზებულ სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს, რომელიც კონკურენციას სპობს და ბიუჯეტს პარტიული ინტერესებისთვის იყენებს. ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პროკურატურას მიუკერძოებელ გამოძიებას მოუწოდებს.