საზოგადოება
"მსურდა ჩაბნელებულ საქართველოში ხალხს იმედი გასჩენოდა" - თეა გვასალია ოჯახზე, ცხოვრებაზე, ესპანურ ენასა და გადაცემაზე "ამბობენ": "სახალხო ინტერვიუ"
“მოგესალმებით, ეს არის გადაცემა “სახალხო ინტერვიუ“. მე თეა გვასალია ვარ და შეგიძლიათ მომდევნო ნახევარი საათი ჩემთან ერთად გაატაროთ“, “ ასე დაიწყო “სახალხო ინტერვიუს“ მორიგი გადაცემა. პროექტი, რომელზეც Ambebi.ge და “პალიტრანიუსი“ ერთობლივად მუშაობს. დიახ, გადაცემის სტუმარი ჟურნალისტი, მთარგმნელი და ესპანისტი თეა გვასალია გახლდათ. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. თინა:
- ქალბატონო თეა, მოგესალმებით. რას საქმიანობთ ამ ეტაპზე?
- ახლა ჩემი ძირითადი საქმიანობით ვარ დაკავებული, ანუ მთლიანად ესპანურ ენაზე ვარ გადართული: მყავს მოსწავლეები, ვწერ სახელმძღვანელოებს ესპანურის შემსწავლელთათვის და ვთარგმნი წიგნებს. ანა:
- ესპანური ენით და ესპანეთით ასე რამ დაგაინტერესათ?
- მართალი გითხრათ, ნამდვილად არ მახსოვს, რამ გამოიწვია ესპანურით ჩემი დაინტერესება ან რა უნდა მომესმინა ასეთი ჩემს შორეულ, საბჭოთა ბავშვობაში, რომ ამ ენაზე გადავრეულიყავი. უბრალოდ მახსოვს “ რაც თავი მახსოვს, ვამბობდი, რომ ესპანური უნდა ვისწავლო”მეთქი. მერე სიტყვებს ვიგონებდი და ვამტკიცებდი, ესპანურად ვლაპარაკობ”მეთქი. არ ვიცი, მთელ ჩემს ცხოვრებას წამყვან თემად გასდევდა ის, რომ ესპანური უნდა მესწავლა, თანაც ესპანეთში და ცხოვრების გარკვეული პერიოდი იქ უნდა გამეტარებინა. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეც მოხდა.
დათა:
- რამდენ ხანში ისწავლეთ ესპანური ენა და რა არის ამისთვის საჭირო? მეც მინდა მისი შესწავლა…
- ჩემ დროს ენების სწავლება სულ სხვანაირად იყო, ახლა სხვანაირად არის, ამიტომ თქვენთვის ეს გაცილებით სწრაფი პროცესი იქნება. ახლა უამრავი საშუალება არსებობს “ ინტერნეტით დაწყებული, ყველანაირი სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია. შეგიძლიათ ინტერნეტში შეხვიდეთ და ყურში 24 საათი ესპანური გესმოდეთ. ჩემ დროს აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობა იყო: ძლივს ნაშოვნი სახელმძღვანელოებითა და ლექსიკონებით ვსწავლობდით. პირადად ჩემ შემთხვევაში, ღამით შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ უცხოური არხების მოსმენა მხოლოდ შუაღამისას შეიძლებოდა, დანარჩენ დროს რატომღაც ახშობდნენ. არსებობს ესპანეთის საგარეო რადიო, რომელსაც “რადიო ესტერიორ დე ესპანია“ (Radio Exterior de España) ჰქვია, ახლაც გადის ეთერში. აი, იმას ვუსმენდი ხოლმე მთელი ღამე და იქიდან გავიგე ყველაფერი: ვინ იყო ესპანეთის პრემიერ”მინისტრი, მინისტრების სახელები, სოციალური ცხოვრება… ყველაფერი იქიდან ვისწავლე. ჩემ შემთხვევაში, სწავლის დაწყებიდან ალბათ მესამე თუ მეოთხე წელს შევხვდი პირველ ესპანელს, რომელმაც ჩემი ცხოვრების უდიდესი კომპლიმენტი მომიძღვნა. მას ესპანელი ვეგონე და მკითხა: “ქართული საიდან ისწავლეთო?“ ეს არასოდეს დამავიწყდება, ამაზე დიდი ქათინაური ცხოვრებაში არ მიმიღია. სამი”სამნახევარი წელი დამჭირდა ამ დონისთვის რომ მიმეღწია, მაგრამ თქვენთვის ეს გაცილებით მარტივი და სწრაფი პროცესი იქნება. ბექა:
- მკაცრი პედაგოგი ხართ?
- მკაცრი პედაგოგი არ ვარ. რატომღაც ასეთი იმიჯი მაქვს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ჯერ ერთი, იმიტომ არ ვარ მკაცრი, რომ ჩემი მოსწავლეები ძალიან შემდგარი, ჩამოყალიბებული ადამიანები არიან; ზუსტად იციან, რისთვის სჭირდებათ ესპანური და ჩემსავით ყოველი წუთი გათვლილი აქვთ. ასე რომ, ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. მე მათ ყველაფერს დაწვრილებით ვუხსნი, “ვუღეჭავ“ და თავში ვუდებ, დანარჩენი კი მათი გასაკეთებელია “ თავად უნდა გამონახონ დრო, რომ ჩემი ახსნილი კარგად გაითავისონ. საბოლოოდ, ყველასთან ვმეგობრობ და ჩვენი ურთიერთობა მოსწავლე”მასწავლებლის ჩარჩოებიდან ყოველთვის მეგობრობაში გადადის. ერთადერთი შემთხვევა, როცა მკაცრი, უფრო სწორად, დაუნდობელი ვხდები, არის მაშინ, როცა მოსწავლე მეუბნება, რომ კონკრეტული ბოლო ვადა აქვს, მაგალითად, B2 ან C1 დონის გამოცდა უნდა ჩააბაროს. თუ დროში ვიწვებით, ადამიანმაც მაქსიმუმი უნდა დადოს და მეც მაქსიმუმი უნდა მივცე, ეს ცხადია. სხვა მხრივ კი, ჩემი აზრით, მკაცრი არ ვარ.
მარი:
- პოპულარული გადაცემა “ამბობენ“ 10 წლის მანძილზე თქვენი გამორჩეული სტილით მიგყავდათ. რა იყო ის თქვენთვის? ახლა როგორ იხსენებთ და აფასებთ იმ წლებს?
- ის წლები, ანუ 90”იანები, საქართველოსთვის ბნელი, უიმედო, ცივი და მშიერი იყო, ამიტომ ყველას უკვირს, როდესაც ჩვენ, ადამიანების გარკვეული ჯგუფი, ვამბობთ, თუ რა სიყვარულით ვიხსენებთ იმ პერიოდს. სინამდვილეში, თავად წლები არ ყოფილა კარგი, უბრალოდ ჩვენ ვიყავით ახალგაზრდები, ცხოვრება გვიხაროდა და ახალი იდეები გვქონდა. ჩემსა და “სტუდია მაესტროს“ შემთხვევაში მოგვეცა შესაძლებლობა, ეს იდეები ეთერში განგვეხორციელებინა და ეს ჩემთვის უბედნიერესი ხანა იყო. რაც შეეხება გადაცემის სტილს: იმ პერიოდში ძალიან ხშირად დავდიოდი ესპანეთში, ცხადია, ესპანელი ტელეწამყვანების გავლენაც მქონდა და არანაირად არ მინდოდა გადაცემის ისე წაყვანა, როგორც მაშინ საქართველოში იყო მიღებული “ დაყენებული სახითა და ხელოვნური დიქციით. მინდოდა, გასართობი ფორმატის გადაცემა ისე წამეყვანა, თითქოს მეგობარს ელაპარაკები “ ღიმილით, კარგ ხასიათზე. თან, რაც მთავარია, მსურდა ისეთი მასალები გამეშვა, რომ ამ ჩაბნელებულ საქართველოში ხალხს იმედი გაჩენოდა: “ ხალხო, აი, ჩვენს გვერდით, სულ რაღაც არც ისე შორს, ასეთი ცხოვრება არსებობს, მოვა დრო და ჩვენც ვიქნებით ამ ცხოვრების ნაწილი“. მგონი, გამომივიდა.
ვინი:
- “ამბობენიდან“ რაიმე ამბავს ხომ არ გაიხსენებთ, რაც არ გავიწყდებათ?
- ქართული სიუჟეტების შემოტანა ჩემთვის ყველაზე ბედნიერი ხანა იყო. თავიდან მხოლოდ ჰოლივუდისა და სამეფო ოჯახის წევრების ცხოვრებას ვაშუქებდი, მერე ნელ”ნელა თბილისშიც დაიწყო გამოცოცხლება: გაჩნდა მოდის კვირეულები, კლიპების პრემიერები, კლუბები, სადაც სხვადასხვა ღონისძიება იმართებოდა. ძალიან მიყვარდა ამ სიუჟეტების გადაღება და ბევრი კარგი მოგონება მაქვს. თუმცა, რაც არ მავიწყდება (უფრო სწორად, არ მავიწყებენ), ეს ავთანდილის ქორწილია. მას შემდეგ, მგონი, 23 ან 24 წელი გავიდა. იქიდან ვიხსენებ, რომ მაშინ ჩემს უფროს შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ, ის კი ახლა 23 წლისაა. ამდენი წლის შემდეგაც, რასაც უნდა ვუყურო, ინტერნეტში ყველგან ავთანდილის ქორწილი გვხვდება. ასე რომ, არ მავიწყდება და აქვე მოკითხვა ავთოს ჩემგან. უცნობი:
- ტელევიზიაში დაბრუნების სურვლი ან საავტორო, ახალი გადაცემის გაკეთება არ გდომებიათ?
- ტელევიზიაში დაბრუნების არანაირი სურვილი არ მაქვს. ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი დასრულდა. რა თქმა უნდა, მაშინ დამწყდა გული, როდესაც პირველი არხის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ რაკი არხი საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდა, გადაცემა “ამბობენ“ მათი ფორმატისთვის ზედმეტად არასერიოზული იყო. მაშინ რომ შემოეთავაზებინათ, ამ ფორმატის გადაცემას სხვა არხზეც სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ დღეს ტელევიზიაში დაბრუნების არც სურვილი მაქვს და არც გეგმები. მართალი რომ გითხრათ, ტელევიზორსაც თითქმის არ ვუყურებ. მკითხველი:
- ესპანური ენის სპეციალისტი ტელევიზიაში სულ თავიდან როგორ მოხვდით?
- ტელევიზიაში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, თუმცა ესეც ესპანურის დამსახურება იყო. ესპანეთში გატარებული გარკვეული პერიოდის შემდეგ თბილისში ჩამოვედი. სრულიად შემთხვევით შევხვდი ზაზა შენგელიას, რომელმაც მითხრა, რომ აკეთებდნენ პირველ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას, სახელწოდებით “იბერვიზია“. მითხრა: სანამ საკუთარი პროდუქცია გვექნება, გვინდა უცხოური გადაცემები ვთარგმნოთ, მათ შორის, ესპანურიც, ხომ არ ხარ დაინტერესებულიო. ესპანური როგორც კი გავიგე, იმ წუთშივე დავთანხმდი. ასე დავიწყე: მე ესპანურ გადაცემებს ვთარგმნიდი, სხვები “ გერმანულს, ინგლისურს და ა.შ. მერე, როცა ამ ტელევიზიის “სამზარეულოში“ კარგად ჩავიხედე და რაღაცები ჩემით ვისწავლე, ვიფიქრე: მოდი, ჩემი გადაცემის გაკეთება ხომ არ ვცადო”მეთქი. ოღონდ, არ მინდოდა პოლიტიკური ყოფილიყო, რადგან პოლიტიკა არც მაშინ მაინტერესებდა, არც მერე და არც ახლა. გადავწყვიტე, ყოფილიყო გასართობი გადაცემა. საცდელად გავაკეთეთ “იბერვიზიაში“. იქ კარგი ის იყო, რომ ახალგაზრდებს ხელს გვიწყობდნენ, იდეას თუ ვეტყოდით, შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდნენ, რომ გადაცემად გვექცია. დავარქვი “ამბობენ“, ყველაფერი მე თვითონ მოვიფიქრე. რამდენიმე გადაცემა გავიდა და ამასობაში “იბერვიზია“ დაიხურა. მე ამ ჩემი მზა ფორმატით მივედი “სტუდია მაესტროში“, რომელიც მაშინ ახალი შექმნილი იყო პირველ არხზე და იქ გავაგრძელე მუშაობა. ახლა “იბერვიზიაში“ გასული “ამბობენ“ აღარავის ახსოვს, ეს გადაცემა ყოველთვის “მაესტროსთან“ ასოცირდება და ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებიც მას უკავშირდება. ნახეთ სატელევიზიო ინტერვიუს სრული ვერსია:
დოდო:
- სოციალურ ქსელში მეტ-ნაკლები აქტივობით გამოირჩევით. არც ისე მცირე აუდიტორია გყავთ. რა არის ეს ყველაფერი თქვენთვის და რა არის ამ შემთხვევაში, აუდიტორიასთან, ამ ფორმით კონტაქტისას თქვენთვის მთავარი?
- სოციალურ ქსელებს რაც შეეხება, მხოლოდ “ფეისბუქი“ მაქვს და მასაც საკმაოდ გვიან შევუერთდი. მთელი ჩემი მეგობრები იქ რომ იყვნენ, მე ჯერ კიდევ ვამბობდი - რა არის ეს “ფეისბუქი“, რად მინდა-მეთქი. მერე სამსახურებრივად დამჭირდა: ერთ პერიოდი ტელევიზიაში პროდიუსერად მივბრუნდი. თავიდან სხვების პოსტებს ვკითხულობდი. იყო და ახლაც არის რამდენიმე ადამიანი, რომელთა ნაწერებსაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ. მივხვდი, რომ “ფეისბუქი“ მხოლოდ ნაჭამი პიცის ფოტოს გამოფენა არ არის (მაშინ ასე იყო მოდაში, ყველაფრის ფოტოს დებდნენ, რასაც აკეთებდნენ). ეს მხარე არ მაინტერესებდა, მაგრამ იმდენი კარგი ადამიანი აღმოვაჩინე, რომელიც შესანიშნავად წერს, აქვს კარგი ლექსები, ჩანახატები, პროზა… აი, ამ კუთხით ჩავუღრმავდი. მერე, არ მახსოვს, რაღაც მეც დავწერე და მოეწონათ, მერე კიდევ დავწერე… ბევრი ფეისბუქ”მეგობარი გამიჩნდა, ბევრ მათგანს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ კომენტარებში ძველი ნაცნობებივით მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. ეს ამ საუკუნემ და ათწლეულმა მოიტანა. ჩემი წიგნი “ის, რაც ეთერში არ მითქვამს“ სწორედ “ფეისბუქის“ დამსახურებაა. აზრად არ მომივიდოდა, წიგნის დაწერა, საერთოდ, მაგრამ სტატუსების ქვეშ იმდენი ადამიანი მიწერდა “ წიგნად გამოეცით და სიამოვნებით წავიკითხავთო, რომ ერთ ზაფხულს მოვიცალე, შევკრიბე ეს სტატუსები, რაღაც ფორმაში მოვიყვანე და გამოვეცი. თვითონაც გამიკვირდა, მაგრამ ასე მოხდა. გიო:
- დედა, ნარგიზა მგელაძე, ცნობილი ჟურნალისტი იყო, პროფესიული კუთხით მისი რჩევა თქვენ მიმართ რა იყო?
- დედაჩემი თავისი დროის ძალიან ცნობილი ჟურნალისტი და გაზეთის რედაქტორი იყო, ანუ ბეჭდურ მედიაში მუშაობდა. მე კი ტელევიზიაში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ჩემს ბავშვურ ოცნებებში ჟურნალისტიკა არასოდეს ყოფილა, ჩემი ოცნებები ყოველთვის ესპანეთს უკავშირდებოდა. ტელევიზიაში რომ მოვხვდი, იმ ასაკში ვიყავი, როცა ადამიანი სხვის რჩევებს არ იღებს - გგონია, რომ ყველაფერი იცი და სხვისი აზრი არ გჭირდება. ახლა ვაცნობიერებ, რომ ასე არ იყო, ბევრი რამ მქონდა გამოსასწორებელი და ბევრი რჩევაც უნდა გამეთვალისწინებინა. დედაჩემი ჩემს გადაცემებში უხეშად არ ერეოდა, ერთადერთი, რასაც მეუბნებოდა, იყო: “ცოტა ნელა ილაპარაკე, რომ ჩემი ასაკის ხალხიც აჰყვეს შენს ტემპს, გაიგოს და აღიქვას, რას ამბობო“. მაშინ ტელევიზიაში ძალიან ნელა და აკადემიურად ლაპარაკობდნენ, მე კი ესპანური ტემპით “მივერეკებოდი“. მახსოვს, ამას მირჩევდა, მაგრამ სამწუხაროდ, არ ვითვალისწინებდი. თინა:
- მამაზეც არაერთხელ დაგიწერიათ სოციალურ ქსელში. ის ისევ მუშაობს ტექნიკურ უნივერსიტეტში?
- მამაჩემი 91 წლისაა, დოქტორი და პროფესორია. აქტიურად აღარ მუშაობს, ემერიტუსის სტატუსით პენსიაზეა გასული, მაგრამ სახლში ვერ ისვენებს და დროდადრო უნივერსიტეტში მიდის. მართალი გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, რისთვის მიდის, თუმცა ბოლო წლებამდე ჰყავდა დოქტორანტები და მაგისტრანტები. უბრალოდ, ვერ ელევა თავის ტექნიკურ უნივერსიტეტს. აი, გუშინ თუ გუშინწინ დაუძახეს. ქიმიკოსების დღე ყოფილა და სიგელი გადასცეს, როგორც დამსახურებულ ქიმიკოსს. ასე რომ, ზოგადად, კარგ ფორმაშია. ლილიკო:
- როგორც მთარგმნელის, თქვენს ანგრიშზე უკვე რამდენი ნამუშევარია? როგორც ცნობილია, ესპანური ენის სახელმძღვანელოებიც გაქვთ შედგენილი…
- ესპანური ენის ოთხი სახელმძღვანელო გამოვეცი, შეიძლება კიდევ დავამატო, ვნახოთ. თარგმანებს რაც შეეხება, სულ მერევა რაოდენობა, მაგრამ 10-ზე მეტი ნამდვილად არის. ყველა მარკესია, რადგან მარკესი ჩემი საყვარელი მწერალი იყო. სულ ასე ვამბობ ხოლმე: მას შემდეგ, რაც მარკესი, გარდაიცვალა, თარგმნისთვის სერიოზულად ხელი არ მომიკიდებია. მწერლებს იმ თვალით კი ვკითხულობ, რომ “აი, ამას სიამოვნებით ვთარგმნიდი-მეთქი, მაგრამ ისეთი არავინ შემოგვხვედრია, რომ დრო გამოვნახო, დავჯდე და ვთარგმნო. ვიღაცები მომწონს მეტად ან ნაკლებად, მაგრამ მარკესის შემდეგ აღარაფერი მითარგმნია. მთლიანად სახელმძღვანელოების წერაზე გადავედი და მგონია, რომ ეს უფრო სასარგებლო საქმეა, რადგან საქართველოში ესპანური ენის სწავლისადმი ინტერესი ძალიან დიდია. ვფიქრობ, ჩემი წიგნები მათ დიდ სამსახურს გაუწევს.
ეკა:
- ხულიო იგლესიაზე იყავით წლები შეყვარებული. ოდესმე თუ მოახერხეთ მასთან შეხვედრა?
- ხულიო იგლესიასი ჩემი ბავშვობის გატაცება იყო, ძალიან მიყვარდა. ამ სიყვარულმა ორი კარგი საქმე გამიკეთა: პირველი ის, რომ მისი სიმღერები ზეპირად ვიცოდი (თითოეულს ათასჯერ ვუსმენდი) და ეს ესპანურის სწავლაში ძალიან დაგმეხმარა. მეორე კარგი საქმე კი ის იყო, რომ იმ ასაკში ჩემს გარშემო მყოფ ყველა ბიჭს ხულიოს ვადარებდი. რა თქმა უნდა, ყველა აგებდა ამ შედარების დამსახურებით, ამიტომ ჩემს მშობლებს ის სადარდებელი, რომ ვაიმე, ვინმე არასწორი ადამიანი არ შეუყვარდესო, მოხსნილი ჰქონდათ. ხულიო იგლესიასისნაირი ბიჭი ჩემს ირგვლივ უბრალოდ არ დადიოდა. ესპანეთში ის, რა თქმა უნდა, არ მინახავს, იქ არც ცხოვრობს. მე რომ ესპანეთში დავიწყე სიარული, ის უკვე ჯერ მაიამიში, მერე კი დომინიკელთა რესპუბლიკაში გადავიდა, ასე რომ, ჩვენი გზები ვერ გადაიკვეთებოდა. თუმცა, წლების წინ ბათუმში რომ ჩამოვიდა, წარმოიდგინეთ, დამეზარა წასვლა და მისი ნახვა. აი, ასე გაქრა ბავშვობის გრძნობები. დავითი:
- თქვენი ოჯახი და შვილები გაგვაცანით. როგორი დედა ხართ?
- სამი შვილი მყავს. უფროსი 23 წლის ელენეა, ფინანსისტია. ტყუპიც მყავს - ბიჭი და გოგო, სანდრო და მელანო, ისინი 19 წლისანი არიან და სწავლობენ. როგორი დედა ვარ? ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ძალიან კარგი. ვცდილობ, მეგობრული ვიყო, თუმცა რჩევებს ყოველთვის ვაძლევ. დაბადებიდან ვუნერგავდი, რომ ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში მიაღწევენ, მხოლოდ კარგი სწავლითა და ბევრი მუშაობით მიიღწევა და მარტო ნიჭი საკმარისი არ არის. ეს ბავშვებმა თავიდანვე შეისისხლხორცეს და სწავლასთან დაკავშირებით პრობლემა არასოდეს შეუქმნიათ. პირიქით, სულ იმას ვამბობდი: “კარგი, გამორთე შუქი, დაიძინე, ხვალაც ისწავლი-მეთქი“. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. თავისით, რა თქმა უნდა, არაფერი მოდის. როცა ისინი დაიბადნენ, ბევრი საქმე გადავდე, განსაკუთრებით სკოლის პირველ წლებში საერთოდ არაფერს ვაკეთებდი მათ გარეშე. მათთან ერთად დავიწყე ფრანგულის სწავლა, ერთად გავდიოდით ყველაფერს. ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ ნიშნები მეკონტროლებინა, არამედ იმიტომ, რომ რაც ვერ გაიგეს, მათთვის გასაგები ენით ამეხსნა ან იმაზე მეტი მიმეცა, ვიდრე სახელმძღვანელოში ეწერა. ეს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით გაგრძელდა. მეექვსე კლასის შემდეგ კი, თუ დამიჯერებთ, საერთოდ არ მომიკითხავს, რას სწავლობდნენ ან რა ნიშნებს იღებდნენ. უფროსმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, მელანოსაც წესით, ოქროს მედალი უნდა აეღო, მაგრამ სკოლაში არც მიკითხავს “ სულ ათიანები ჰყავდა და შეიძლება ის მედალი სადმე დევს კიდეც. სანდროსაც ასევე, მხოლოდ ერთი ცხრიანი გამოჰყვა. ასე რომ, ბავშვებიც ამყვნენ, მეც თავი გადავდე და კარგი შედეგიც დავდეთ. …ახლა თუ გახსოვთ, როგორ ვემშვიდობებოდი მაყურებელს: “გვიყურეთ ჩვენ“. ახლა ამას ვერ ვიტყვი, რადგან სად უნდა მიყუროთ?! ამიტომ დაგემშვიდობებით ისე, როგორც ჩემს მოსწავლეებს ყოველი გაკვეთილის შემდეგ ვემშვიდობები, რაკი მთხოვეს, ესპანურადაც მეთქვა: ¡Hasta luego! ¡Adiós!