Tether-მა საქართველოს მთავრობასთან ერთად ლარის სტეიბლკოინი GELt წარადგინა
კრიპტოინდუსტრიის მსხვილმა კორპორაცია Tether-მა, საქართველოს მთავრობასთან ერთად, წარადგინა ახალი ფინანსური ინსტრუმენტი — ლარის სტეიბლკოინი GELt (ჯიელტი). ახალი კრიპტოვალუტა მუდმივად ერთი ლარის ფასს შეინარჩუნებს და პოპულარული USDT-ის ანალოგი იქნება. პრეზენტაციისთვის თბილისს სპეციალური ვიზიტით ეწვია Tether-ის დამფუძნებელი ჯანკარლო დევაზინი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღონისძიებაზე განაცხადა: „კომპანია Tether ფლობს დაახლოებით 200 მლრდ დოლარის აქტივებს და ოქროს რეზერვებს, ის ტრადიციულ და ციფრულ ეკონომიკებს შორის მძლავრი ხიდია. ამ პარტნიორობის ყველაზე ამბიციური გამოხატულება — GELt-ის გამოშვება — ჩვენი ეკონომიკური განვითარების ახალ ეტაპია.”
კომპანიის განმარტებით, GELt სრულად გამყარებული იქნება ლარის რეზერვებით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიას დაეყრდნობა და ინტეგრირებული იქნება კრიპტო საფულეებში — ეს მომხმარებლებს ტრანზაქციების, ვალუტის ყიდვა-გაყიდვისა და კაპიტალის ეფექტური მოძრაობის საშუალებას მისცემს.
Tether-ს, კობახიძის სიტყვით, ასევე „ძალიან მასშტაბური ინვესტიციების” განხორციელება აქვს დაგეგმილი სხვადასხვა სფეროში — განსაკუთრებით სოციალური და საგანმანათლებლო პროექტებში. ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ასეულობით დაფინანსებული სტარტაპი და მზარდი ტექნოლოგიური საზოგადოება უკვე არსებობს.