"რამდენ ადამიანს დაეხმარა, ვინც ამ დაავადებას ებრძოდა, ბოლოს რომ შემხვდა, მითხრა, მამაშენს და კვაშალს დავაკლდი ეტყობა და მეძახიანო" - მოგონებები თემურ უგულავაზე
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი, “აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდა. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია როგორც ქართული ეკონომიკისა და კულტურისთვის, ისე საზოგადოებისთვის, რომლის ცხოვრების სტილი და სტანდარტები მისმა შექმნილმა პროექტებმა სამუდამოდ შეცვალა. თემურ უგულავას სახელს უკავშირდება ქვეყანაში მასპინძლობისა, ტურიზმისა და აგრომეწარმეობის სფეროს რევოლუციური განვითარება. მის მფლობელობაში არსებულმა “აჭარა ჯგუფმა“ შექმნა ინოვაციური სივრცეები, რომლებიც თბილისისა და მთელი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა. ის იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი ხედვით საქართველო სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. 2026 წლის მონაცემებით, ბიზნესმენის ჯამური ქონება 282,47 მილიონ დოლარს შეადგენდა
მარცხნიდან: თემურ უგულავა და დუდუ დადიანი
ბიზნესმენის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. გთავაზობთ მათ პოსტებს უცვლელად:
სერგი გვარჯალაძე, მუსიკოსი:
“თემურის ფოტო არ მაქვს სამწუხაროდ - არ უყვარდა ამ კაცს არც ფოტოების გადაღება და არც ინტერვიუების მიცემა. თემო 2002 წელს გავიცანი, ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც დაახლოებით 25-მდე “კომუნიკატორელი“ ოფისისა და პროექტების გარეშე დავრჩით. გამოგვიწოდა ხელი. კლუბის იდეაზე მიამბო, რომელიც იმ დროს თითქმის ფანტასტიკად მეჩვენებოდა. თუმცა სულ რაღაც რამდენიმე თვეში “აჭარა მიუზიქჰოლის” სცენაზე უკვე Soul To Soul იდგა, დანარჩენი კი ისტორიაა. 2 წლის განმავლობაში არაერთი სირთულე, კრიზისი და გამოწვევა გავიარეთ “მიუზიქ ჰოლში”, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებული სიმშვიდით, ღირსებითა და ადამიანური სიკეთით ახერხებდა პრობლემების მოგვარებას. სწორედ ამიტომ არის მისი წასვლა ამდენი ადამიანისთვის ასეთი დიდი დანაკლისი. ბევრმა დაკარგა ერთგული მეგობარი, სანდო მხარდამჭერი და ადამიანი, რომელზეც ყოველთვის შეიძლებოდა დაყრდნობა. განსაკუთრებით მძიმეა ეს დანაკარგი შემოქმედი ადამიანებისთვის, რომელთა გვერდითაც წლების განმავლობაში იდგა. თემომ მთელ საქართველოს უამრავი მნიშვნელოვანი ადგილი, პროექტი და მოგონება დაუტოვა - ნამდვილი მარგალიტები, რომლებიც მის სახელს ყოველთვის შეგვახსენებს. მისი ცხოვრება კი დარჩება მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩუმად, ყოველგვარი მედია “კორდებალეტის” გარეშე, აკეთო კარგი საქმე, ერთგულად ემსახურო საკუთარ ქალაქს, ქვეყანას და ადამიანებს”.
გუკა რჩეულიშვილი, პროდიუსერი:
“ამის დაწერა რომ როდისმე მომიწევდა, არ მეგონა, ან რა დავწერო. იმდენია რამე მაქვს სათქმელი, იმდენად მადლიერი ვარ მისი და სამყაროსი რომ მასთან ერთად მატარა, ახლა უნარი არ მაქვს ამის გადმოცემის”.
ნინო დარასელი, ჟურნალისტი:
“თემურ უგულავა მისი გარდაცვალება არასდროს დამიშვია, არც არასდროს წარმომედგინა, მაგრამ ის კი მიფიქრია, რომ სანამ ის იყო, არც ჩვენ მოვკვდებოდით და არც ქვეყანა, იმიტომ რომ თემური გადაგვარჩენდა. ამიერიდან არ ვიცი რა იქნება, ვიცი, რომ აღარაფერი იქნება ისე როგორც აქამდე. მომავალი გამიბუნდოვანდა. მართლა მგონია რომ ჩვენი მთავარი პატრონი და იმედი წავიდა. ჩვენი თანამედროვე, დიდი ქართველი. ჩემი, ჩვენი ყველასი და ქვეყნის მთავარი ძმაკაცი… ახლა არ ვიცი ვინ გადაგვარჩენს. რაღაც ძალიან დიდი დასრულდა”.
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, ყველის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი:
“ამ ისტორიას პირველად არ ვაქვეყნებ. ამიტომ მის გარდაცვალებას არ უკავშირდება. გაეროს ნაყიდი ბიზნეს კლასის ბილეთით ვიფრინე. თბილისი-სტამბოლი რომი პალერმო და უკან უკან გზაზე მარტო ვსხედვართ ორნი მე და უცნობი კაცი. ცოტა ხანში მკითხა, ქართველი ხარო, ვერ ვიტან ფრენას და მელაპარაკე რაო. დამშვიდობებისას სავიზიტო დამიდო და ოფისში მაგიდაზე დამრჩა. მეგობარმა შეიცხადა იცნობო? - მოკლედ დავაკავშირე ეგ პროექტი თუ გამომივიდა: ერთი პატარა მანქანა ჩემზე იყოსო. პროექტი გამოვიდა. იმან, მეგობარმა ტრადიციულად გადამაგდო. მირეკავს უგულავა და მეკითხება დავეხმარე და შენ თუ ხარ ამ პროექტში ჩართულიო ძალიან ტაქტიანად მკითხა.. მოვაღე ტირილი და ჩავუშვი ის ჩემი “მეგობარი”. ერთ საათში მოდის მანქანა უგულავამ გამომიშვაო. კონვერტში იდო ზუსტად ის თანხა რომლითაც ჩემი პირველი მანქანა ვიყიდე. თვალით არ მინახავს ეს კაცი მას მერე. მადლობაც ვერ ვუთხარი წესიერად უფალს ებარებოდეს შენი სული”.
ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:
“ტრაგედიაა თემურ უგულავას ამ ასაკში გარდაცვალება, არა მხოლოდ მისი უკარგესი შვილების, ახლობლების, ნაცნობებისთვის, - გადაუჭარბებლად, ქვეყნისთვისაა ტრაგედია. გულწრფელი ცრემლების ოკეანე გააცილებს უნიჭიერეს, შემოქმედებით, უზომოდ კეთილშობილ კაცს. თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას. მის მრავალ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ სიკეთეთა შორის არის “ლივინგ მუზეუმი თბილისის” - არტთერაპიის ძალიან ცნობილი, მაღალი სტანდარტის საერთაშორისო ქსელის ქართული ფილიალის დაფუძნებაში უდიდესი ხელშეწყობაც. რომ არა თემური, მე ამ განსაკუთრებულ პროექტს საქართველოში ვერ გავაკეთებდი. მადლობა მას ლივინგ მუზეუმი თბილისის ყველა თანამშრომლისგანაც”.
სალომე ზურაბიშვილი, ექსპრეზიდენტი:
“ქართულ ბიზნესი ხშირად უფრო გარიგებას ჰგავს ვიდრე ნამდვილ საქმის კეთებას. სულ რამდენიმე გამოირჩევა მაღალი პროფესიული დონით, მომავლის ხედვით, ხარისხის მაღალ მოთხოვნით, გემოვნებით, საკუთარი პრინციპებით. ასეთი ერთი იყო თემურ უგულავა. მან სახელმწიფოს და ტურიზმის სააგენტოს ნაცვლად დადო შედეგი, ქვეყნის პოპულარიზაციისთვის უზარმაზარი დამსახურება მიუძღვნის. თუ არა თემურ უგულავა ყაზბეგი არ ჩაეწერებოდა მსოფლიო რუკაზე. აბასთუმანი კი მას ელოდებოდა. მე ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ შორიდანაც ჩანდა მისი სიყვარული იმ ქვეყნისთვის სადაც ნუშის ბაღები გააშენა, პირველი სრულიად ეკოლოგიური პროდუქტების მაღაზია გახსნა. ყველაფერში ეტყობა, რომ სჯეროდა მას საქართველოს განვითარებულ, მოწესრიგებულ ქვეყნად ტრანსფორმაციის. მეც მჯერა მისი ხედვის და ამ ქვეყნის მომავლის! მადლობა კარგ საქმისთვის”.
ნოდარიკო ხუციშვილი, მომღერალი:
“ძალიან რთულია მთელი ქალაქის, ქვეყნის რიტმი და მიმართულება შეცვალო ერთმა ადამიანმა. რამდენ ადამიანს დაეხმარა, ვინც ამ დამპალ დაავადებას ებრძოდა, ბოლოს რომ შემხვდა, მითხრა მამაშენს და კვაშალს დავაკლდი ეტყობა და მეძახიანო. კარგი იქნება თუ ბევრ რამეზე იცინებენ კიდევ ერთად… თემურ, გულწრფელი მადლობა იმისთვის, რაც ამ ქვეყნისთვის გააკეთე…”
ambebi.ge სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, შვილებსა და ახლობლებს.