სპორტი
თემურ ქეცბაია: "თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ პირველი მატჩი იყო და მთავარია, გასვლით შეხვედრაში გავიმარჯვეთ"...
თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა კონფერენსლიგაზე ლუქსემბურგულ “მონდორფთან” სტუმრად მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ:
“პირველი თამაში მაინც მნიშვნელოვანია და იოლი არასოდეს არის, ვისაც არ უნდა ხვდებოდე. ძალიან ცუდ პირობებში მოგვიწია თამაშმა - ჯერ სიცხე, მერე მინდორიც არ იყო ისეთ მდგომარეობაში, კარგი ფეხბურთი რომ გეთამაშა…
მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დაწყებიდან მალევე გავიტანეთ ორი გოლი და ამ შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვი თამაშის ხარისხზე.
მაგრამ ამ ეტაპზე, რადგან პირველი თამაში იყო, მთავარია, რომ მოვიგეთ და თანაც სტუმრად. საპასუხო შეხვედრა თბილისშია და იმედია, ამ საქმეს ბოლომდე მოვიყვანთ”.