"პოლიციის უფროსს ხელს რომ გაარტყამს ქალი, კრიმინალია!" — დავით თედორაძე მზია ამაღლობელზე
“ნუ სპეკულანტობთ, თითქოს იზღუდება თავისუფალი მედია. პოლიციის უფროსს ხელს რომ გაარტყამს ქალი, კრიმინალია,” — აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნების წევრმა დავით თედორაძემ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამაღლობელი “კრიმინალია” და მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბარი სპეკულაციად შეაფასა. მის კომენტარს IPN ავრცელებს. საკითხი პლენარულ სხდომაზე პარტია გახარია – საქართველოსთვის წევრმა ნინო ჩხეტიამ დააყენა. მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით შეფასების გაკეთება სთხოვა. “მზია ამაღლობელი კრიმინალია, დავარქვათ სახელი. ნუ სპეკულანტობთ, თითქოს იზღუდება თავისუფალი მედია. პოლიციის უფროსს ხელს რომ გაარტყამს ქალი, კრიმინალია”, — განაცხადა სხდომაზე ქართული ოცნების წევრმა. მისივე თქმით, ამ საკითხის მედიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირება არასწორია.