← მთავარი
საზოგადოება

„თბილისის განვითარების ფონდი“ ქორწინების სახლის ისტორიული შენობის განახლებას იწყებს

8 ივლისი, 2026 · წყარო: newposts.ge
„თბილისის განვითარების ფონდი“ ქორწინების სახლის ისტორიული შენობის განახლებას იწყებს

„თბილისის განვითარების ფონდი“ ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლის რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა.

მისი თქმით, ჩატარებულია შესაბამისი კვლევები და ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია.

„ჩატარებული კონსტრუქციული კვლევების თანახმად, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში რესტავრირებული შენობის მზიდი კონსტრუქციები არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია, რის გამოც მისი ნაწილობრივი დაშლისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტური სახით აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნებას.

„შენობის ექსტერიერი სრულად შეინარჩუნებს ისტორიულ სახეს. პროექტის მიზანია დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება და ქალაქის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობა იქნება განახლებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია დავალების მიცემიდან 14 თვე.

← მთავარი