„შიგნითაც წვიმს“ - თბილისის აერიოპორტში წყალი ჩავიდა
„ნახეთ, როგორ ჩამოდის წყალი. ახლა სტუმრებს უნდა დავხვდეთ, შიგნითაც წვიმს. როგორ არ შეიძლება ისე გადაიხუროს, რომ ასე არ იყოს?!. ერთი ჰამბურგერი 50 ლარი ღირს და ჭერი, რომ შეაკეთონ არ შეიძლება?!“ - ამბობს წვიმის დროს თბილისის აეროპორტში მყოფი ქალი.
თბილისის აეროპორტს კომპანია „ტავი“ მართავს. კომპანიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ დროებით დაიკეტა მგზავრთა მომლოდინეთა სივრცე, სამი რეისი კი გადამისამართდა ქუთაისის, ალმათისა და ბაქოს აეროპორტებში:
„ამ ეტაპზე ჩამომფრენი მგზავრების გამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობიდან დროებით ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილი გამოსასვლელიდან ხორციელდება“.
მეორე დღეა დედაქალაქში ძლიერი წვიმა მოდის. უხვ ნალექს წყალარინების სისტემა ვერ უმკლავდება, იტბორება ქუჩები. ზოგიერთ გზაზე წყლის იმხელა ნაკადი მოდის, რომ საზოგადოებრივ ავტობუსებშიც კი შედის, მსუბუქი ავტომობილების საბურავებს კი ნაწილობრივ ფარავს.