თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი გამოიყოფა
მთავრობის გადაწყვეტილებით,”თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის” ორგანიზებისთვის, მილიონ ასი ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება. შესაბამისი ნებართვა უკვე გაცემულია. სამთავრობო განკარგულებაში, რომელიც მიმდინარე წლის 5 ივნისით თარიღდება, აღნიშნულია, რომ კულტურული ღონისძიების დაფინანსების წყარო დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი იქნება. “სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრს მიეცეს უფლება, “თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის” მოწყობისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესაბამისი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 1 100 000 ლარის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და ამავე ცენტრისთვის ნებადართული, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან”, — წერია განკარგულებაში.