„ერთად ძალადობის და დაუსჯელობის წინააღმდეგ” — თბილისში შაბათის მარში გაიმართება
„ერთად ვდგებით ძალადობის და ჩაგვრის წინააღმდეგ” — ეს სლოგანი გახდა დღევანდელი შაბათის მარშის მთავარი გზავნილი. მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტამდე ჩვეული მარშრუტით მიდის.
მარშს სათავეში ის მოქალაქეები უდგანან, ვინც უკვე ერთი წელია ამტკიცებს, რომ პოლიციის ძალადობას დაუსჯელობა ახალისებს და ქვეყანაში სისტემური დანაშაულის წინაშე ვდგავართ.
„სახელმწიფო უნდა იცავდეს ადამიანს და არა ჩაგრავდეს მას. წლების განმავლობაში მოქალაქეები ხედავენ, როგორ გადაიქცა სისტემა ადამიანების დაცვის ნაცვლად ძალადობის, დაშინებისა და ანგარიშსწორების ინსტრუმენტად”, — აცხადებენ მარშის მონაწილეები.
მათი განცხადებით, გორში მოქალაქე პაპუნა ლოცულაშვილის ცემა, სადაც 6 პოლიციელი დააკავეს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ცალკეული ინციდენტი კი არა, სისტემური ხასიათის მოვლენაა.
შაბათის მარშების ტრადიცია უცვლელი საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში ჩამოყალიბდა — პირველი მსვლელობები BBC-ის საგამოძიებო ფილმის შემდეგ გაიმართა. საწყის ეტაპზე ისინი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვდნენ; შემდგომ თემატიკა გაფართოვდა — ყველაზე ხშირად პოლიტიკური პატიმრების მხარდასაჭერად ტარდება.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე გადადებს.