თბილისი რუსთავს, ლილოსა და მცხეთას შესაძლოა, მიწისზედა მეტროთი დაუკავშირდეს
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) თბილისსა და მის შემოგარენში მიწისზედა საქალაქო მატარებლის (City Train-ის) განვითარებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ bpn.ge წერს. დავალების ძირითადი მიზნებია ეროვნულ სარკინიგზო ქსელსა და ურბანულ საზოგადოებრივ ტრანსპორტის სისტემებს შორის მულტიმოდალური კავშირის გაუმჯობესება, მგზავრთა მობილობის გაზრდა და რეგიონული ხელმისაწვდომობის გაძლიერება თბილისის შემოგარენში, მდგრადი ურბანული და სატრანსპორტო განვითარების მხარდაჭერა ეროვნული და მუნიციპალური პოლიტიკის ჩარჩოების შესაბამისად და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის შესაფერისი საბანკო მიზანშეწონილობის კვლევის უზრუნველყოფა. პროექტი ითვალისწინებს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარებას, რომელიც განსაზღვრავს რკინიგზის დერეფნების განვითარების საუკეთესო ალტერნატივებს თბილისის აგლომერაციაში (რუსთავი, მცხეთა, ლილოს აღმოსავლეთით, მარნეული, ფონიჭალა). „ეს ძირითადად გულისხმობს არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განიხილებოდეს ახალი რკინიგზის მონაკვეთების და/ან შემოვლითი გზების მშენებლობა, მაგალითად, აეროპორტიდან რუსთავის მონაკვეთზე“, - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში. შესყიდვის ღირებულება 393 ათას დოლარს შეადგენს. ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადა 2026 წლის 13 ივლისია.