თბილისს 45-გრადუსიანი სიცხე ემუქრება — კლიმატის ცვლილება საქართველოს
კლიმატის დამოუკიდებელი ექსპერტის, მარინა შვანგირაძის, თქმით, ამ ზაფხულს თბილისში ტემპერატურა შეიძლება 45 გრადუსამდე ავიდეს. მეტეოროლოგები სეზონის საშუალო ტემპერატურის 1,5 გრადუსით მომატებას ვარაუდობენ.
„გლობალური დათბობის ერთ-ერთი თვისება ის არის, რომ ძლიერდება სარისკო მოვლენები: ხანძრები, წყალდიდობები. ბოლო წლებში ვხედავთ, რომ ევროპაში ზაფხულში მომატებულია სიცხის ტალღები. პროგნოზირება რთულია, ამიტომ მიდგომა ასეთია — კარგია, რომ ეს ვიცით და ამისთვის უნდა მოვემზადოთ”, — განაცხადა შვანგირაძემ.
მისი თქმით, საქართველოში ძირითადი საფრთხე ტყის ხანძრებია. ამ კუთხით სატყეო სააგენტოს გერმანიის GIZ-ის დახმარებით სამოქმედო გეგმა აქვს მომზადებული, სადაც გათვლილია თბური დრონების გამოყენება ხანძრის ადრეული გამოვლენისთვის.
გლობალური ტემპერატურა საშუალოდ უკვე 1,5 გრადუსითაა გაზრდილი მრეწველობამდელ პერიოდთან შედარებით. კლიმატის ცვლილება სხვადასხვა ტერიტორიაზე განსხვავებულად ვლინდება: ზოგან სიცხე, ზოგან ქარიშხლები, ზოგან კი გათბობამ წყალდიდობები გამოიწვია.